ელექტრომობილები, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ჩრდილოეთი კორეა
Aa
Aa

ჩრდ. კორეის ყოფილი ჯარისკაცი Tesla-ს თვითმართვადმა სისტემამ „შეაშინა“

Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ბაზარზეც საკმაოდ ნელი ტემპით იკიდებს ფეხს და ამ ფონზე, მისი იშვიათობა არც მსოფლიოს სხვა ნაწილებშია გასაკვირი.

ამჯერად, Tesla-ს თვითმართვადი სისტემა ჩრდ. კორეის ლიდერის ყოფილმა მცველმა გამოცადა და, როგორც თავად ამბობს, „ცოტათი შეშინებულიც დარჩა“. ამ გამოცდილებამ კანგ ჯინი იმდენად დააბნია, რომ ავტომობილის მიერ ზოლის ავტომატურად შეცვლის მომენტშიც კი აშკარად ინერვიულა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

კანგ ჯინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის დაცვის სამსახურში 13 წლის განმავლობაში მსახურობდა. მოგვიანებით კი ქვეყანა დატოვა და ჩინეთში გაიქცა. როგორც იხსენებს, საზღვრის გადაკვეთისას სიკვდილისაც კი ეშინოდა, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში დარჩენას გაქცევა ამჯობინა.

ქვეყნის დატოვების შემდეგ კი, კანგ ჯინი მისთვის ბევრ აქამდე უცნობ გამოცდილებას ეცნობა, შემდეგ კი, თავისი YouTube არხის საშუალებით, მის გამომწერებს ვიდეოებსაც უზიარებს. კანგის კონტენტი მოიცავს ყველაფერს — დაწყებული ამერიკული ბურგერებითა და Boeing 737-ის სიმულატორით ფრენით, დამთავრებული თანამედროვე ავტომობილების გამოცდით.

 

Tesla-ს პირველად ხილვისას, იუთუბერი ავტომობილის დიზაინითა და ტექნოლოგიით დარჩა გაოცებული. განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა მიიქცია მისი ყურადღება, რომ ავტომობილის მუშაობისას ძრავის ხმა არ ესმოდა:

„ეს უცხოპლანეტელების ხომალდს ჰგავდა! იმდენად განსხვავდებოდა იმ ავტომობილებისგან, რომლებიც ამ დრომდე გამომიცდია“.

თუმცა, ჯერ ყველაფერი მხოლოდ წინ იყო. მაშინ, როდესაც კანგ ჯინს უთხრეს, რომ Tesla-ს სრულად თვითმართვადი სისტემის გამოყენებაც შეეძლო, თავდაპირველად უარი თქვა. „ავტოპილოტის ღილაკზე თითის დაჭერა ვერ შევძელი“, — აღიარა მან.

 

მაგრამ შიშის მიუხედავადაც, ვიდეოს დასასრულს, თვითმართვადი სისტემის გამოცდაც გადაწყვიტა. ვიდეოში ჩანს, რომ იუთუბერი ავტომობილის მოძრაობისას მართლაც ნერვიულობს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ელექტრომობილი მისი დახმარების გარეშე ზოლს იცვლის. „სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ამ ახალ სამყაროს უნდა შევგუებოდი“, — თქვა მან.

არანაკლები შთაბეჭდილება მასზე Tesla-ს თვითპარკირების ფუნქციამაც მოახდინა. „მას ადამიანზე უკეთ შეუძლია პარკირება! როგორ უნდა შეეჯიბრო?“ — თქვა მან ელექტრომობილის დაპარკინგების შემდეგ.

 

ვრცლად: ჩრდილოეთ კორეის ყალბი Mercedes-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ავტომობილად იქცა

კანგ ჯინის ისტორია აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების აღქმა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლები პრაქტიკულად იზოლირებულ ქვეყანაში ცხოვრობდა. ჩრდილოეთ კორეაში კი Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია კი არა, ავტომობილები თითქმის არც დაიარება. მათი ნახევარი კი ის მოპარული Volvo-ები და ყალბი Mercedes-ებია, რომელთა შესახებაც შესაძლოა არ გსმენიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები