BMW, Mercedes-ი, Nissan-ი და Corvette | რომელი მოდელები აღმოვაჩინეთ GTA-ს გეიმპლეიში?
Rockstar-მა GTA VI-ის ახალი, თითქმის 27-წუთიანი გეიმპლეი გამოაქვეყნა, რომელიც არამხოლოდ ლეგენდარული ვიდეოთამაშის, არამედ ავტომობილების მოყვარულთათვისაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. Grand Theft Auto VI-ის გამოგონილ ქალაქში, ლეონიდაში, როგორც ჩანს, ავტომობილები ახლაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
ასევე იხილეთ: წინასწარი შეკვეთების დაწყებამდე: რა ეღირება და როდის გამოვა GTA VI
კადრების დეტალური დათვალიერებისას ავტომოყვარულებმა არაერთი მოდელი დააფიქსირეს, რომელთა დიზაინიც რეალურ მანქანებს აშკარად წააგავს. მათ შორისაა BMW-ს, Mercedes-AMG-ის, Chevrolet-ის, Nissan-ისა და Range Rover-ის სტილის მოდელები.

განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოდიფიცირებული იაპონური ავტომობილების მონაწილეობით გადაღებული ქუჩის რბოლები იპყრობს — დიდი ზომის სპოილერებით, აგრესიული აეროდინამიკური დეტალებით, ქვედა განათებებითა და სხვა შეცვლილი ელემენტებით. მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი 2000-იანი წლების დასაწყისის ტიუნინგ-კულტურასაც მოგვაგონებს.
27-წუთიან გეიმპლეიში ასევე ჩანს E30-ის თაობის BMW 3 Series-ის სტილის კაბრიოლეტი. სხვა სცენებში გამოჩენილი ავტომობილები კი დიზაინით Corvette C8-ის, Mercedes-AMG-ის სპორტულ მოდელებსაც წააგავს, ნაწილი კი თანამედროვე და ძვირად ღირებულ SUV-ებს.

მნიშვნელოვანია, რომ Rockstar-ს რეალური ავტომწარმოებლების ლოგოებისა და სახელების გამოყენების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ვიდეოთამაშში გამოყენებული ავტომობილები გამოგონილი ბრენდების სახელს ატარებენ, თუმცა ფაქტია, რომ რეალურ მოდელებსაც ძალიან ჰგვანან. მაგრამ ეს მსგავსება ავტომობილების მოყვარულებისა და GTA-ს ფანების დაკვირვებების საფუძველზე განისაზღვრება.
ეს კი დამატებით ინტერესს ქმნის. უკვე მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი რეალური მოდელისგანაა შთაგონებული ლეგენდარული თამაშის ესა თუ ის პერსონაჟი. მაგალითად, დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე, კონკრეტული ავტომობილი Nissan Skyline-ის R32-ის თუ R34-ის დიზაინზეა დაფუძნებული, თუ, მაგალითად, BMW-სა ან Mercedes-ის რომელიმე მოდელს ჰგავს.
First official look at racing in GTA 6. pic.twitter.com/y2uRvOvD9i
— DiscussingFilm (@DiscussingFilm) August 27, 2026
ამ ეტაპზე Rockstar-ს ავტომობილების მოდიფიკაციის შესაძლებლობებისა და რბოლების შესახებ ყველა დეტალი არ გაუმხელია. შესაბამისად, მოგვიწევს, რომ ყველას GTA-ს მეექვსე ნაწილის გამოშვებას დაველოდოთ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ვიდეოთამაში, წლობით ლოდინის შემდეგ, 19 ნოემბერს დაბრუნდება და PlayStation 5-სა და Xbox Series X|S-ზე იქნება ხელმისაწვდომი.