ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, გრანდ ტური
Aa
Aa

„თქვენი საქმე აკეთეთ“ | კლარკსონი, ჰამონდი და მეი The Grand Tour-ის ახალ წამყვანებზე

ავტომოყვარულთა საკულტო გადაცემა, The Grand Tour-ი, ტელეეკრანებზე ახალი სეზონითა და შეცვლილი წამყვანებით დასრულდა. ასე დასრულდა ლეგენდარული ტრიოს, ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის ეპოქაც, თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილი თანაწამყვანები ახალ სეზონს ყურადღებით ადევნებენ თვალს და მათი შემცვლელებისთვის რჩევებსაც არ იშურებენ.

ასევე იხილეთ: The Grand Tour-ი ახალი წამყვანებით ბრუნდება | პირველი ტრეილერი

შეგახსენებთ, რომ ყველასთვის საყვარელი ტრიოს შემცვლელები სოციალური მედიის ვარსკვლავი და მატარებლების ენთუზიასტი ფრენსის ბურჟუა და YouTube-არხ Throttle House-ის წამყვანები — თომას ჰოლანდი და ჯეიმს ენგელსმანი — არიან. ახალ წამყვანებს, მსგავსი გადაცემის გაგრძელებისთვის, რასაკვირველია, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ, თუმცა, როგორც ამბობენ, ლეგენდარულმა წინამორბედებმა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, ძალიან თბილები და გახსნილები იყვნენ. უბრალოდ გვითხრეს: გააკეთეთ თქვენი საქმე და გადაცემას თქვენი სტილი მიეცით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, არ დავკარგოთ ის, რასაც ეს შოუ წარმოადგენს და გადაცემა ავტომობილებისადმი სიყვარულის გარშემო შევქმნათ“, — განაცხადა ბურჟუამ The Independent-თან საუბრისას.

ჯეიმს მეიმ კი ახალ წამყვანებს გაცილებით მოკლე, თუმცა საკმაოდ სასარგებლო რჩევა მისცა.

„მისი გზავნილი ასეთი იყო: ჩემთან კითხვებით ნუ მოხვალთ, უბრალოდ თქვენი საქმე გააკეთეთ. ეს კი ზუსტად ის იყო, რისი მოსმენაც იმ დროს გვჭირდებოდა“, — იხსენებს ჰოლანდი. მისივე თქმით, როდესაც The Grand Tour-ის თანაწამყვანობა შესთავაზეს, საკმაოდ შეშინდა, გაურკვევლობაშიც კი იყო, თუმცა დარწმუნებით იცოდა, რომ ამის გაკეთება სურდა.

ახალი წამყვანები მაყურებლებსაც სთხოვენ, რომ გადაცემის ახალ ეპოქას შანსი მისცენ და წინასწარ არ განსაჯონ. გამოდის, რომ კლარკსონის, ჰამონდისა და მეის ეპოქის დასრულების შემდეგ The Grand Tour-ი უკვე განსხვავებულ ფორმას იღებს, თუმცა იდეა კვლავ იგივე რჩება — გადაცემა სრულად ავტომობილებს და მათდამი ნამდვილ ენთუზიაზმს მიეძღვნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები