გრანდ ტური, ზი გრანდ ტური
Aa
Aa

The Grand Tour-ი ახალი წამყვანებით ბრუნდება | პირველი ტრეილერი

ლეგენდარული შოუ The Grand Tour-ი ახალი წამყვანებითა და სეზონით ეკრანებზე უკვე ოთხი სექტემბრიდან დაბრუნდება. Amazon-მა გადაცემის პირველი ტრეილერი უკვე გაავრცელა, რომელშიც ახალი თანაწამყვანები ფრენსის ბურჟუა, ჯეიმს ენგელსმანი და თომას ჰოლანდი მონაწილეობენ.

ტრეილერიდან ახალი სეზონის პირველ ეპიზოდზე ბევრი არაფრის თქმა შეგვიძლია. თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ თანაწამყვანები „იაფი“ მანქანების გამოწვევაში ერთვებიან. კადრებში ვხედავთ ძველ BMW M3 Convertible-ს, Porsche 911-სა და ერთ-ერთ ცხელ ჰეჩბეკს. როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე პრობლემებიც თავს იჩენს — ზუსტად ისე, როგორც The Grand Tour-ისგან ვართ მიჩვეულნი.

თუმცა ახალი სეზონი მხოლოდ ამ მოდელების გამოცდით არ შემოიფარგლება. მათ შორის, წამყვანები კალიფორნიაში Chevrolet Corvette ZR1-ს, Ford Mustang GTD-სა და Hennessey Venom F5-საც გამოცდიან. ტრეილერში ასევე ჩნდება Pagani-ს მოდელი და „ფორმულა 1“-ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჯენსონ ბატონი.

აქვე საინტერესოა, რომ The Grand Tour-ის ახალი სეზონიდან არასტანდარტულ და უცნაურ „ჩელენჯებსაც“ უნდა ველოდოთ. მაგალითად, ტრეილერში ვხედავთ, თუ როგორ ერთობიან წამყვანები ნავებით და სკოლის ავტობუსის ერთმანეთისგან განცალკევებული ნაწილების აწყობასაც კი ცდილობენ. პირველი ტრეილერიდან რამდენიმე ავარიისა და წარუმატებელი ექსპერიმენტის გამორჩევაც შეიძლება, მათ შორის, ერთ-ერთის — Tesla-ს მონაწილეობით.

Amazon-ის ინფორმაციით, ახალი წამყვანები „ავტოსამყაროს ყველაზე აქტუალურ და, ამავდროულად, აბსურდულ კითხვებს“ გამორჩეულად რთულ და საინტერესო გარემოებებში გასცემენ პასუხს. ასევე უნდა ველოდოთ მალაიზიის ავტომობილების კულტურის შესწავლას, თუ სამხედრო თვითმფრინავის პილოტებთან გამართულ შეჯიბრებებს.

ცნობისთვის, The Grand Tour-ის ახალი სეზონი სულ ექვსი ეპიზოდისგან შედგება. პირველი ტრეილერი კი საკმაოდ მასშტაბურ შოუს გვპირდება. თუმცა მთავარი კითხვა კვლავ გაუცემელი რჩება...

თქვენი აზრით, შეძლებს ახალი ტრიო ისეთივე საინტერესო შოუ შესთავაზოს მაყურებელს, როგორიც ჯერემი კლარკსონმა, ჯეიმს მეიმ და რიჩარდ ჰამონდმა მოახერხეს? თუმცა ისინი ერთად 20 წელზე მეტხანს მუშაობდნენ და, რა საკვირველია, რომ მსგავს ქიმიას წლები სჭირდება. ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია, დაველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები