50 000 სამუშაო ადგილის შემცირება და საწარმოო ხაზის განახევრება | Volkswagen-ის გეგმები
Volkswagen-ი კვლავ ფინანსური პრობლემებისგან გადარჩენას ცდილობს. ამ მიზნით, გერმანულმა ავტომწარმოებელმა ხარჯების შემცირებისა და ტრუქტურული ცვლილებების მასშტაბური გეგმა შეიმუშავა. გეგმის ფარგლებში, კომპანია 2030 წლამდე დამატებით 50 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებასა და 2035 წლისთვის მოდელების რაოდენობის განახევრებას განიხილავს.
2026 წლის დასაწყისში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ Future Plan 2030 დაამტკიცა, 3 სექტემბერს კი რესტრუქტურიზაციის დეტალურ პაკეტსაც მხარი დაუჭირა. როგორც გითხარით, Volkswagen-ის „გადარჩენის“ გეგმა საწარმოო სიმძლავრისა და მოდელების ხაზის მკვეთრ შემცირებას ითვალისწინებს. ამას ემატება დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირება, რის შედეგადაც VW-ის ჯგუფის მასშტაბით 2030 წლისთვის შემცირებული სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობა 100 000-ს მიუახლოვდება.
კომპანიის ხელმძღვანელის, ოლივერ ბლუმის განცხადებით, Volkswagen-ისთვის ვითარება განსაკუთრებით მოთხოვნის შემცირებამ და ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლების გაძლიერებამ გაართულა.

Volkswagen-ის შეფასებით, თუნდაც ევროპაში, მისი საწარმოო სიმძლავრე რეალურ საჭიროებას დაახლოებით 500 000 ერთეული ავტომობილით აღემატება. ამასთან, შიდა წყაროების ცნობით, სამუშაო ძალის შემცირების დიდი ნაწილი გერმანიაზე მოდის. ეს კი განსაკუთრებით კრიტიკულ ვითარებას შექმნის გერმანიისა და ქვეყნის პროფკავშირებისთვის, რადგან კომპანია აქ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ქვეყნის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Volkswagen-ის სამოდელო ხაზის გამარტივებაა. ამისათვის, 2035 წლამდე მოდელებისა და მათი ვერსიების რაოდენობა 50%-ით უნდა შემცირდეს. მიზანი კომპანიის საინჟინრო და მარკეტინგული რესურსების ყველაზე გაყიდვად მოდელებზე კონცენტრირებაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესტრუქტურიზაციის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ოთხ გერმანულ ქარხანაზეა გამახვილებული. ამ ქარხნებში ამჟამად Volkswagen-ისა და მასში შემავალი სხვა ბრენდების ავტომობილები იწარმოება, მათ შორისაა Audi A5, A6, A8 და E-Tron GT, Q4 E-Tron, Cupra Born და Volkswagen-ის ID-სერიის ელექტრომობილები.