3D ბეჭდვა, ხელოვნური ინტელექტი | როგორ შეცვალა Czinger-მა სუპერქარის წარმოების წესები
ავტოსამყაროში ინჟინერიული სენსაციები იშვიათობა არ არის, თუმცა ამერიკულმა სტარტაპმა Czinger-მა შეძლო ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი გვეგონა: მან არა მხოლოდ საკუთარი ჰიპერქარი შექმნა, არამედ აიძულა ინდუსტრიის ისეთი გოლიათები, როგორებიც Bugatti და McLaren-ი არიან, ავტომობილების წარმოების წესებისთვის გადაეხედათ.

Czinger 21C — ასე ჰქვია ჰიპერქარს, რომელიც უბრალოდ მორიგ ეგზოტიკურ პროექტად შეიძლებოდა აღქმულიყო, თუმცა ნამდვილი რევოლუცია მისი ნახშირბადის ბოჭკოს ძარის ქვეშ იმალება. საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტსა და 3D ბეჭდვაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას, რომელიც Czinger-ის დამფუძნებლის, კევინ ცინგერის მიერ 2014 წელს შექმნილ კომპანია Divergent Technologies-ს ეკუთვნის.
1930-იანი წლების ტექნოლოგიიდან ციფრულ ეპოქამდე
კევინ ცინგერის თქმით, თანამედროვე ავტოინდუსტრია, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, წარმოების ნაწილში კვლავ "ანალოგურ" ეპოქაში იყო ჩარჩენილი და არსებითად იმავე პრინციპებს იყენებდა, რაც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაინერგა.

ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად Divergent-მა შექმნა ინოვაციური პლატფორმა DAPS (Divergent Adaptive Production System). ეს არის პროგრამულად მართვადი წარმოების სრული ციკლი. AI ალგორითმი იღებს დავალებას — მაგალითად, ავტომობილის კონკრეტულ წონას, სიმტკიცესა და აეროდინამიკურ პარამეტრებს — და თავად ქმნის დეტალის ოპტიმალურ დიზაინს. ალგორითმი მასალას ამატებს მხოლოდ იქ, სადაც ეს კრიტიკულად საჭიროა და აშორებს ზედმეტს.

შედეგად მიღებული დეტალები გაყინულ სითხეს ან ორგანულ ძვლოვან სტრუქტურას წააგავს, რომლებიც შემდეგ 3D პრინტერზე იბეჭდება და აწყობას ექვემდებარება. Divergent-ის ტექნოლოგიამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინდუსტრიის ლიდერებზე, რომ მათ თანამშრომლობა არ დააყოვნეს. Bugatti-მ Divergent-თან 18-თვიანი საიდუმლო მუშაობის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავისი ახალი ფლაგმანის, Tourbillon-ის სავალი ნაწილი და შასის ელემენტები სწორედ DAPS ტექნოლოგიით არის ოპტიმიზებული და დამზადებული. „Divergent-ი ციფრულ ინჟინერიასა და დანამატებით წარმოებაში (Additive Manufacturing) უდავო ლიდერია,“ — განაცხადა Bugatti Rimac-ის გენერალურმა დირექტორმა, მათე რიმაცმა.
რაც შეეხება მაკლარენს, სუპერქარების ბრიტანულმა მწარმოებელმა Divergent-ის AI პლატფორმა თავისი ახალი ჰიპერქარის, McLaren W1-ის არქიტექტურის შესაქმნელად გამოიყენა. ეს ტექნოლოგია ბრიტანელებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ავტომობილის წონა და, ამავდროულად, გაზარდონ კორპუსის სიმტკიცე.

Divergent-ის მიერ შექმნილი სისტემა საავტომობილო სამყაროს ორ მთავარ უპირატესობას სთავაზობს — პირველ რიგში, DAPS-ის აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას წამებში შეუძლია გადაერთოს ერთი ტიპის დეტალის წარმოებიდან მეორეზე — ჰიპერქარის საკიდრიდან დაწყებული, ავტონომიური წყალქვეშა ნავის ელემენტებით დამთავრებული. ეს მთლიანად გამორიცხავს ძვირადღირებული ქარხნული ყალიბების საჭიროებას.
ასევე, ხელოვნური ინტელექტისა და ექსკლუზიური შენადნობების სინთეზი იძლევა დეტალებს, რომლებიც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ბევრად მსუბუქია, სიმტკიცით კი უბადლოა. Czinger-მა და Divergent Technologies-მა დაამტკიცეს, რომ მომავლის ჰიპერქარების შექმნა მხოლოდ შიგაწვის თუ ელექტროძრავების სიმძლავრეზე არ გადის — ნამდვილი რევოლუცია იმაშია, თუ როგორ იწყობა ეს ავტომობილები.