ავარია, კვლევა, ტელეფონი
Aa
Aa

ავარიამდე ტელეფონის გამოყენების რიცხვი პოლიციის ოფიციალურ მონაცემებს 7-ჯერ აღემატება

საჭესთან ტელეფონის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა რეალური მასშტაბი გაცილებით საგანგაშოა, ვიდრე ოფიციალური საპოლიციო ოქმები გვიჩვენებს. IIHS-ის ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტელემატიკური აპლიკაციები 7-ჯერ უფრო ხშირად აფიქსირებენ ავარიამდე ტელეფონით სარგებლობას, ვიდრე სამართალდამცავები.

კვლევის ფარგლებში IIHS-ის ექსპერტებმა შეადარეს პოლიციის ოფიციალური ოქმები და კომპანია Cambridge Mobile Telematics (CMT)-ის მიერ შეგროვებული ანონიმური მონაცემები. სულ გაანალიზდა 2021-2024 წლებში მომხდარი 17 000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა.

შოკისმომგვრელი განსხვავება ციფრებში

შედეგები იმდენად აცდენილი აღმოჩნდა ერთმანეთს, რომ ექსპერტებიც კი გაოცებულები დარჩნენ — საგზაო პატრულმა ტელეფონის გამოყენების ფაქტი ავარიების 1%-ზე ნაკლებში დააფიქსირა, როცა სადაზღვევო აპლიკაციებმა აჩვენეს, რომ ავარიამდე 30 წამით ადრე მძღოლი ტელეფონს იყენებდა ორმხრივი შეჯახებების 8%-ში, ხოლო ერთავტომობილიანი ავარიების 7%-ში.

ეს ნიშნავს, რომ რეალურად შედეგები ოფიციალურ სტატისტიკას 7-ჯერ აღემატება. თანამედროვე სადაზღვევო აპლიკაციები (რომლებსაც მძღოლები ხშირად ფასდაკლების მისაღებად იწერენ) იყენებენ ტელეფონის სენსორებს და ზუსტად განასხვავებენ ზარებს, როცა ტელეფონი ხელში გეჭირათ, დინამიკით საუბრისგან. ასევე, ფიქსირდება ტელეფონზე ფიზიკური მანიპულაციები (ეკრანზე თითის გასმა, ტექსტის აკრეფა) და ეკრანის უბრალოდ განბლოკილ მდგომარეობაში ყოფნა.

თუმცა, კვლევას აქვს მეორე მხარეც — აპლიკაცია ხედავს, რომ ეკრანი განბლოკილი იყო, თუმცა ზუსტად ვერ ადგენს, მძღოლი ნავიგაციას უყურებდა თუ YouTube-ს, ან უშუალოდ ტელეფონის გამოყენებამ გამოიწვია თუ არა ავარია.

სადაზღვევო კომპანიები ირწმუნებიან, რომ მონაცემები ანონიმურია, თუმცა იურიდიული დავის ან სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია შესაძლოა ოფიციალურ მტკიცებულებად იქცეს. შესაბამისად, სანამ სადაზღვევო ფასდაკლების გამო აპლიკაციის პირობებს "ვეთანხმები"-ს დააჭერთ, ღირს დაფიქრება — მზად ხართ თუ არა, თქვენმა ტელეფონმა კრიტიკულ მომენტში ჩვენება თქვენს წინააღმდეგ მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები