ამერიკის შეერთებული შტატები, ფორდი, პოლიციის მანქანა
Aa
Aa

რატომ არის აშშ-ში პოლიციის ავტომობილების უმეტესობა Ford-ი?

ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ პოლიციის მანქანას გადააწყდებით, დიდი ალბათობით, ის Ford-ი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე Chevrolet-ის, Dodge-ის და ბოლო პერიოდში BMW-ის მოდელებიც მომრავლდნენ, სამართალდამცველთა ავტოპარკში დომინანტურ პოზიციას კვლავ Ford-ი იკავებს.

ამის მიზეზი კი მხოლოდ ფასები არაა. Ford-ის სხვა უპირატესობებიც გამოარჩევს, რაც ამერიკული მწარმოებლის მოდელებს საპატრულო დანაყოფებისთვის შესაფერის მანქანად აქცევს, მათ შორის: სპეციალიზებული ინჟინერია, წარმოების გამოცდილება და გამართული მიწოდების ქსელი.

Ford-ის დომინირება კი წარსულში კიდევ უფრო ძლიერი იყო. განსაკუთრებით, თუ 2000-იან წლებს გავიხსენებთ — 1990-იანი წლების ბოლოდან 2010-იანი წლების დასაწყისამდე აშშ-ის პოლიციის საპატრულო და საპერსონალო მანქანების გაყიდვების დაახლოებით 85%-ს Crown Victoria Police Interceptor-ი იკავებდა, იგივე Crown Vic-ი. ამ უკანასკნელმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა მას შემდეგ, რაც Chevrolet-მა Caprice-ის წარმოება შეწყვიტა და ბაზარზეც Ford-ს სერიოზული კონკურენტიც თითქმის აღარ დარჩა.

2012 წელს, Crown Victoria-ს წარმოების დასრულების შემდეგ, აშშ-ის საპატრულო დეპარტამენტებმა Ford-ის ახალი თაობის სპეციალიზებულ მოდელებზე გადაინაცვლეს. მას შემდეგ ბაზარზე სხვა მწარმოებლებიც გამოჩნდნენ, თუმცა Ford-მა პოზიციების შენარჩუნება მოახერხა.

Ford-ის მთავარი უპირატესობა სწორედ სპეციალიზებული წარმოებაა

ამერიკის საპატრულო დანაყოფებს ერთი სტანდარტული ავტომობილი, რომელიც მხოლოდ სირენებითა და დამატებითი აღჭურვილობით იქნება წარმოდგენილი, არ სურთ. მათ, საწყისშივე, სამართალდამცავებისთვის შექმნილი ავტომობილები სჭირდებათ.

მაგალითისთვის, ასეთია Ford-ის Police Interceptor Utility — Explorer-ის ბაზაზე შექმნილი მოდელი, რომელიც სტანდარტულად მაღალი მაქსიმალური სიჩქარით, სწრაფი აჩქარებითა და დამუხრუჭების შესაძლებლობით გამოირჩევა. სტანდარტული ავტომობილის მსგავს ვერსიად გადაკეთება კი, როგორც წესი, ბევრად უფრო ძვირიც ჯდება და კომპლექსური პროცესიცაა, ვიდრე თავიდანვე სპეციალიზებული მოდელის წარმოება.

Ford-ის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა კი წარსულია. მისი ავტომობილები პოლიციის დეპარტამენტების მიერ უკვე ათწლეულებია, რაც გამოიყენება. შესაბამისად, მესამე მხარის მომწოდებლებს Ford-ის მოდელებისთვის სპეციალურად შექმნილი აღჭურვილობა აქვთ და ეს დამატებით პრობლემებსა და შეფერხებებსაც აღარ წარმოქმნის. შედეგად, პოლიციის დეპარტამენტებისთვის Ford-ის მოდელების გამოყენება ბევრად უფრო მარტივი გამოცდილებაა, ვიდრე ახალ მარკაზე გადასვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები