მატე რიმაცმა პატარა ძმისშვილებთან ერთად 1 800-ცხ.ძ-იანი Bugatti Tourbillon-ი გამოცადა
წესით, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც ახალი Bugatti Tourbillon-ით მგზავრობის სურვილი არ ექნება. ავტომოყვარულებს შორის კი არაერთი მცირეწლოვანია, რომელსაც ჯერ თავად ავტომობილის მართვა არ შეუძლია, თუმცა მგზავრის სავარძლიდანაც ახერხებს ამ დაუვიწყარი გამოცდილების მიღებას. ამიტომაც, მატე რიმაცმა გადაწყვიტა, თავისი სუპერქარისთვის ახალგაზრდა „მომხმარებელიც“ ეპოვნა და Tourbillon-ი თავის ძმისშვილებთან ერთად გამოეცადა.

Bugatti-Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორი მატე რიმაცი ახალ Tourbillon-ს ყოველდღიურ ავტომობილად იყენებს. ამით ის სუპერქარს რეალურ პირობებში გამოცდის და საჭირო უკუკავშირსაც მიიღებს. როგორც ჩანს, ამ „ტესტირების“ ნაწილი უკვე ოჯახის წევრების გასეირნებადაც გახდა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ბავშვებს ეს გამოცდილება ძალიან მოეწონათ.
მატე რიმაცი რომ ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელია, ამაზეც წესით ბევრი ვთანხმდებით. ავტომობილების სამყაროში, სადაც კომპანიის ხელმძღვანელები ძირითადად ზედმეტად ოფიციალური და კორპორაციული იმიჯით ხასიათდებოდნენ, მატემ თავისი ღიაობით, თავისუფალი ჩაცმულობითა და ნაკლებად ფორმალური დამოკიდებულებით ყველაფერი შეცვალა.

ასევე იხილეთ: რატომ არის მათე რიმაცი „ყველა დროის ყველაზე მაგარი აღმასრულებელი დირექტორი“?
ამის მიზეზი შესაძლოა მისი ასაკიც იყოს — რიმაცი ჯერ 40 წლისაც არაა. ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსგავსად მძლავრ და ძვირად ღირებულ ჰიპერქარებს ის ყოველდღიური გამოყენებისთვისაც იდეალურად ირგებს. ასე რომ, რიმაცისთვის რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების და დაახლოებით 2 000 ცხენის ძალის მქონე ავტომობილით ბალკანეთში გადაადგილებაც უჩვეულო მოვლენა არაა.
Bugatti Tourbillon-ის ფოტოებსა და ვიდეოებსაც რიმაცი თავადვე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. ერთ-ერთი ასეთი პოსტიდან კი ჩანს, რომ ჰიპერქარის შესაძლებლობები მან ორ ახალ მგზავრთან ერთად გამოცადა — მის ძმისშვილებთან. რიმაცმა ბავშვები Tourbillon-ით სამეზობლოში გაასეირნა. რა საკვირველია, ეს მათთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად უნდა ქცეულიყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საუბარი 1 800 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარზე გვაქვს.
View this post on Instagram
სოციალურ ქსელებში კი ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს მოგონება წლების შემდეგ შესაძლოა მათთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდეს. თან მაშინ, როდესაც ბიძაშენი მატე რიმაცია და თან ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ჰიპერქარით, Bugatti Tourbillon-ით გასეირნებს...