ჩინურმა უსაფრთხოების ბალიშმა 11 ადამიანი იმსხვერპლა | NHTSA მძღოლებს აფრთხილებს
ავტომოყვარულებს კარგად ახსოვთ Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გლობალური სკანდალი, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ავტოინდუსტრიის ისტორიაში უდიდესი გაწვევა გამოიწვია. თუმცა, როგორც ირკვევა, საფრთხე არსად წარსულა — ამჯერად პრობლემა ჩინური წარმოების არალიცენზირებული დეტალებია.

გასულ თვეს ტეხასში მომხდარი ავარიის შედეგად 2018 წლის Chevrolet Equinox-ის მძღოლი დაიღუპა. პოლიციისა და აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) გამოძიებით დადგინდა, რომ ავარია თავისი ხასიათით სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბალიშის გახსნისას ინფლატორი აფეთქდა და სალონში მეტალის ნამსხვრევები გაფანტა.
11 დაღუპული ერთი და იგივე დეტალით
ეს უკვე მე-11 დადასტურებული სიკვდილის შემთხვევაა, რომელიც ჩინეთის ძილინის პროვინციაში მოქმედი კომპანიის, Detiannuo Automobile Safety System (DTN)-ის მიერ წარმოებულ აირბაგის ინფლატორებს უკავშირდება. NHTSA-მ ამ კონკრეტული მწარმოებლის დეტალების აშშ-ში იმპორტი და გაყიდვა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა, რადგან ისინი არანაირ უსაფრთხოების სტანდარტს არ აკმაყოფილებენ.

არცერთი ავტომწარმოებელი ქარხნულად არ აყენებს DTN-ის აირბაგებს. ეს დეტალები ავტომობილებში ხვდება ავარიის შემდეგ იაფფასიანი შეკეთებისას — როდესაც სერვისები ან მფლობელები ორიგინალი, ძვირადღირებული აირბაგის ნაცვლად იაფფასიან ჩინურ ანალოგებს/ყალბ დეტალებს აყენებენ. აშშ-ის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს საზღვარზე 490-ზე მეტი ყალბი აირბაგის ინფლატორი ამოიღეს — 10-ჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს.
ექსპერტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ ყველას, ვინც მეორად ავტომობილს ყიდულობს (განსაკუთრებით ამერიკულ აუქციონებზე — Copart, IAAI და ა.შ.): აუცილებლად შეამოწმეთ ავტომობილის ისტორია (Carfax / AutoCheck); თუ ავტომობილს წარსულში ავარია აქვს გადატანილი, აუცილებლად გადაამოწმეთ, აყენია თუ არა მასში ქარხნული, ორიგინალი უსაფრთხოების ბალიშები.
უსაფრთხოების სისტემაზე თანხის დაზოგვამ შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოიტანოს.