ჯორჯ რასელი, მერსედეს ბენცი, მერსედეს ეიემჯი ეფ1
Aa
Aa

რატომ თქვა ჯორჯ რასელმა უარი ყველაზე ექსტრემალური Mercedes-ის ყიდვაზე?

Mercedes F1-ის გუნდის პილოტმა, ჯორჯ რასელმა აღიარა, რომ წარსულში მის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ახლა უკვე ნანობს. ამ შემთხვევაში, ბრიტანელი მრბოლელი ექსკლუზიური Mercedes-ის შეძენაზე საუბრობს, რომელიც სულ რაღაც 30 ეგზემპლარადაა გამოშვებული.

ესპანეთის გრან-პრის ფარგლებში, Mercedes-AMG F1-ის პილოტებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. თუმცა, წესით, ყველაზე გამორჩეული მადრიდის ლას-ვენტასის არენაზე შედგა. სწორედ იქ მოეწყო Mercedes-AMG CLE 646-ის მსოფლიო პრემიერა.

მადრიდის ცნობილ არენაზე ჯორჯ რასელსა და კიმი ანტონელის Mercedes-ის ვარსკვლავის ლოგოთი აღჭურვილი ექსტრემალური მოდელის ახლოდან ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. სუპერექსკლუზიური ორადგილიანი კუპეა, რომელიც 637 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აგრესიული, თუმცა დახვეწილი დიზაინი გამოარჩევს.

CLE-ის მთავარი მახასიათებელი მისი V8 ძრავაა. Mercedes-AMG-მ მასში კომპანიის უახლესი M177 EVO-ის 4-ლიტრიანი, ტვინტურბო V8-ის მოდიფიცირებული ვერსია განათავსა. Spezialanfertigung-ის შემთხვევაში აგრეგატი 637 ცხენის ძალას და დაახლოებით 850 ნმ-ს ავითარებს. მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 2 500-დან 4 500 ბრ/წთ-მდეა. 

ასევე იხილეთ: Mercedes-მა BMW M4-ს ახალი მონსტრი დაუპირისპირა | 637-ცხ.ძ-იან CLE-ს უკვე ვეღარ შეიძენთ

გერმანელებმა ეს მოდელი BMW-ის M4-ს დაუპირისპირეს, თუმცა ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს. როგორც გითხარით, მოდელი სულ 30 ეგზემპლარად დამზადდა და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია — თან ისე, რომ Mercedes-ს მისი ფასიც კი არ დაუდასტურებია. ეს კი ნიშნავს, რომ რასელი ამ ეტაპზე CLE-ს ვეღარ იყიდის.

მადრიდში კი ავტომობილი გამოსაცდელად სწორედ რასელს გადასცეს, რომელმაც AMG-ით ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. ბრიტანელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მადრიდშიც ტვინტურბო V8 ძრავის ხმა რამდენჯერმე საკმაოდ ხმამაღლა გაისმა. რასელმა რამდენიმე სტარტისას უკანა წამყვანი ბორბლების მოცურებაც კი მოახერხა. მოგვიანებით კი ესპანეთის საპატრულო დანაყოფსაც საკმაოდ დიდი სისწრაფით ჩაუქროლა და გაიხუმრა, რომ ისინი „მხოლოდ უყურებდნენ“.

ვიდეოს დასრულებისას რასელის აღიარების დროც დადგა. „ვფიქრობ, ვნანობ, მაშინ, როდესაც შემომთავაზეს, ერთ-ერთი მათგანი არ ვიყიდე“, — თქვა რასელმა და თავისი გადაწყვეტილებაც ახსნა. 

Mercedes-ის პილოტის თქმით, იმ დროს უკვე ქორწილს გეგმავდა. ბინისა და საქორწინო ბეჭდის ყიდვაზე ფიქრობდა... წესით, ახალი მანქანის ყიდვაც მილიონერის ჯიბეს დიდად არ დააკლდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იმ დროს რასელმა გადაწყვიტა, დამატებითი ხარჯებისგან თავი შეეკავებინა.

მსგავსი სიახლეები