Mercedes-ის ეს ყველაზე ექსტრემალური G-Wagen-ი McLaren W1-ზე იშვიათია
Mercedes-Benz G-Class-ის უახლესი კაბრიოლეტის დებიუტი თითქმის კარს მოგვადგა, თუმცა, რაც არ უნდა განსაკუთრებული იყოს გერმანელთა SUV, სამწუხაროდ, ალბათ ახლოსაც ვერ მივა დაახლოებით ათი წლის წინ შექმნილ Mercedes-Maybach G650 Landaulet-თან. V12-ძრავით აღჭურვილი ყველგანმავალი გერმანული მარკის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული და, თან, ძვირად ღირებული მოდელია, რომლის ეგზემპლარიც ახლა აუქციონზე იყიდება.

G650 Landaulet-ი G63 AMG 6×6-ის კვალდაკვალ შეიქმნა, თუმცა მესამე ხიდის ნაცვლად, Mercedes-მა ყურადღება სიმდიდრესა და ღია სახურავით გადაადგილების შესაძლებლობაზე გაამახვილა. მოდელი უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, 99 ეგზემპლარად დამზადდა, რაც მეორად ბაზარზე მას უიშვიათეს მოდელებს შორის აქცევს.
შედარებისთვის, McLaren-ის გეგმით, W1-ის წარმოება 399 ეგზემპლარით შემოიფარგლება. შესაბამისად, გამოდის, რომ G650 Landaulet-ი თითქმის 4-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ბრიტანული ჰიპერქარი.

ეს გასაყიდად გამოტანილი G650 Landaulet-ი კი, Designo Mystic White-ის თეთრ ფერში, კრემისფერი დასაკეცი რბილი სახურავითაა წარმოდგენილი. ინტერიერში ორფეროვანი, კრემისფერი და შავი Nappa-ს ტყავია გამოყენებული, ასევე AMG-ის კარბონის დეტალები და Comfort Seat Package-ის სავარძლები.
თუმცა, მისი მთავარი ღირშესანიშნაობა მაინც უკანა რიგია. აქ ორი ცალკეული სავარძელი დაგხვდებათ, ელექტრულად რეგულირებადი, დამატებით კი საზურგის გადაწევა და მასაჟის ფუნქცია აქვთ. თუმცა, ამ კონკრეტული მოდელის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი მისი მდგომარეობაა. პირველ მფლობელს SUV პრაქტიკულად არ გამოუყენებია და ოდომეტრზე სულ რაღაც 200 კილომეტრი აწერია.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ი G-Class-ის კაბრიოლეტ ვერსიას უშვებს | როგორი იქნება ახალი მოდელი?
მართალია, G650 Landaulet-ი, პირველ რიგში, ფუფუნებაზეა, მისი შესაძლებლობები უგზოობაში მაინც შესაშურია. G63 6×6-ისა და G500 4×4²-ის მსგავსად, მას პორტალური ხიდები და სამი ბლოკირებადი დიფერენციალი აქვს. ეს კი, რთულ რელიეფზე, მოდელის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

კაპოტქვეშ 6-ლიტრიანი ტვინტურბო V12 ძრავია, რომელიც 621 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ მასშტაბების, სიმძლავრისა და ფუფუნების გათვალისწინებით, G650 Landaulet-ი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული G-Class-ია, რომელიც Mercedes-ს ოდესმე შეუქმნია. მისი იშვიათობის გათვალისწინებით კი, წესით, ეს მეორადი, თუმცა ძალიან კარგად შენახული ეგზემპლარი კოლექციონერებისთვის სასურველ ლოტად იქცევა.