სუპერქარი, ფერარი, ფერარი 296 ჯითი მოდიფიკატა
Aa
Aa

Ferrari-მ სპეციალურად ტრეკისთვის შექმნილი 296 GT Modificata წარადგინა, რომელსაც ყველა ვერ შეიძენს

Ferrari-მ ოფიციალურად წარადგინა ექსკლუზიური სარბოლო ავტომობილი 296 GT Modificata — ტრასის მონსტრი, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმ კოლექციონერებისა და ავტომოყვარულებისთვის, ვისაც სურს, გამოცადოს ნამდვილი სარბოლო ავტომობილის მაქსიმალური პოტენციალი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

ასევე იხილეთ:  რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში? 

ეს მოდელი Ferrari-ს წარმატებულ სარბოლო ავტომობილ 296 GT3-ზეა დაფუძნებული, თუმცა მისგან განსხვავებით, 296 GT Modificata სრულიად თავისუფალია ოფიციალური ავტოსპორტის რეგულაციებისგან. ჩვეულებრივ, სარბოლო ჩემპიონატებში ორგანიზატორები ხელოვნურად ზღუდავენ ავტომობილების სიმძლავრესა და აეროდინამიკას, რათა მონაწილეებს შორის თანაბარი პირობები შექმნან. GT Modificata-ს შემთხვევაში კი Ferrari-ს ინჟინრებს სრული თავისუფლება მიეცათ და ავტომობილისგან მაქსიმუმი გამოწურეს.

სპორტქარის გულში განთავსებულია 2.9-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავი. ვინაიდან GT3 კლასის წესები ელექტრო-ჰიბრიდულ სისტემებს კრძალავს, ავტომობილი სრულად შიგაწვის ძრავზე მუშაობს. ოფიციალური სარბოლო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინჟინრებმა ძრავის სიმძლავრე 690-ზე მეტ ცხენის ძალამდე გაზარდეს.

საგრძნობლად გადამუშავდა აეროდინამიკური პაკეტიც. ახალი წინა სპლიტერის, გაბარიტული უკანა ფრთისა და დიფუზორის წყალობით, 296 GT Modificata მაღალ სიჩქარეზე კოლოსალურ ვერტიკალურ მიმჭერ ძალას წარმოქმნის, რაც ავტომობილს მოსახვევებში წარმოუდგენელ სტაბილურობას ანიჭებს.

გარდა ამისა, ავტომობილმა მიიღო Brembo-ს სპეციალური სარბოლო სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ექსტრემალურ ტემპერატურაზეც კი არ კარგავს ეფექტურობას. ასევე, KW-ს რეგულირებადი ამორტიზატორები და ნახშირბადის ბოჭკოს მსუბუქი კორპუსი, რაც ავტომობილის საერთო წონას მინიმუმამდე ამცირებს.


Ferrari 296 GT Modificata საზოგადოებრივ გზებზე დაშვებული ავტომობილი არ არის და ვერც ჩვეულებრივ სარბოლო ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას. ის შექმნილია ექსკლუზიურად ბრენდის შიდა, დახურული ღონისძიებებისთვის — Club Competizioni GT, სადაც Ferrari-ს რჩეული კლიენტები მსოფლიოს საუკეთესო ავტოდრომებზე იკრიბებიან. ავტომობილის რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია, ხოლო მისი შეძენის უფლება მხოლოდ იტალიური ბრენდის ყველაზე ერთგულ და გამოცდილ კოლექციონერებს ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები