დედოფალ ელისაბედ II-ს პირადი მოხმარების Bentley ნახევარ მილიონად იყიდება
2016 წელს გამოშვებული Bentley Mulsanne Extended Wheelbase-ის ღირებულება 400 000-450 000 ევროდაა შეფასებული. ავტომობილი მხოლოდ ორ ეგზემპლარადაა დამზადებული და სამეფო ოჯახს 2019 წლამდე ემსახურებოდა.
გაერთიანებული სამეფოს გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ის პირადი მოხმარების ავტომობილი Bentley Mulsanne Extended Wheelbase აუქციონზე გაიყიდება. 2016 წელს გამოშვებული სედანის საწყისი შეფასება 400 000-450 000 ევრო იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში
აუქციონი Broad Arrow Auctions-ის პლატფორმაზე 5 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. Bentley-ს უიშვიათესი მოდელი Global Icons: Zoute Online-ის აუქციონის ფარგლებშია შეთავაზებული და კატალოგში 121-ე ნომრითაა წარმოდგენილი.
როგორც გითხარით, ეს მოდელი Bentley Mulsanne Extended Wheelbase-ის არსებული მხოლოდ ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. ავტომობილი სპეციალურად ელისაბედ მეორესთვის დამზადდა. Bentley სრულად სამეფო ოჯახის საჭიროებებს იყო მორგებული და მისი სალონიც ელისაბედ II-ის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო.

სალონის გამორჩეული დეტალი Launer London-ის ჩანთისთვის სპეციალურად დამატებული სათავსო იყო. მის დასამონტაჟებლად წინა სავარძლებს შორის არსებული ცენტრალური საყრდენები მოხსნეს. ინტერიერში ასევე გამოიყენეს კაკლის ხისგან დამზადებული დეკორი, Twine-ისა და Cumbrian Green-ის ფერის ტყავი და ცხვრის მატყლის ხალიჩები. ხის დეკორზე დატანილია სამეფო გერბიც.
თუმცა ოფიციალური სამსახურიდან გასვლის შემდეგ, სამეფო ავტოფარეხის, Royal Mews-ის მოთხოვნით, ჩანთის სათავსო და სამეფო გერბი მოხსნეს. ცენტრალური საყრდენები კი თავდაპირველ ადგილას დააბრუნეს. ინტერიერის სხვა დეტალები კი შენარჩუნებულია.

Bentley-ს „სამეფო“ მოდელი მუქი მწვანე, Barnato Green-ის ფერშია შეღებილი. კაპოტის ქვეშ ტვინტურბო 6.75-ლიტრიანი V8 ძრავაა მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 530 ცხენის ძალას აღწევს. აგრეგატი ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. თვლების ბაზა კი დაგრძელებულია და უკანა მგზავრებისთვის განსაკუთრებით ფართო სივრცეს უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, Bentley Mulsanne პირველად 2016 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა, სამეფო ოჯახს კი 2019 წლამდე ემსახურებოდა. ავტომობილს ელისაბედ II სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაზე მისასვლელად იყენებდა. მათ შორის, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების შტაბის დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებასა და ჩემპიონთა დღის ღონისძიებაზეც ამ მოდელით იმყოფებოდა.
ახალი Mulsanne-ს მიღების შემდეგ კი ეს ეგზემპლარი Bentley-ის სათავო ოფისში დაბრუნდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ შორის დედოფლის გარდაცვალების შემდეგაც, ინახებოდა. ხოლო მეორე ეგზემპლარი Bentley-მ საკუთარი ისტორიული კოლექციისთვის დაიტოვა. შესაბამისად, აუქციონზე წარმოდგენილი ეგზემპლარი ერთადერთია, რომელიც კერძო საკუთრებაში გადავიდა.

Bentley Mulsanne 2024 წლის მარტში კოლექციონერმა Bentley-ის სერტიფიცირებული მეორადი ავტომობილების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. მას შემდეგ მოდელი სერვისს მუდმივად Bentley-ის სადილეროში, Jack Barclay-ში გადიოდა. ამჟამად მოდელს სულ რაღაც 9 700 კილომეტრი აქვს დაფარული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს