Aa Aa
5 ოქტომბერი 2020  |  19:34

Hyundai Elantra Vs. Skoda Octavia - ორი მატერიალურად ხელმისაწვდომი საოჯახო სედანი

მაშინ, როდესაც მსოფლიოში SUV-ზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება სედანების კლასი აქტუალობას მაინც არ კარგავს. როგორც მოგეხსენებათ, SUV-ების უმეტესობა საშუალო სედანსა და ჰეჩბეკზე უფრო ძვირი ღირს. მომხმარებელთა დიდ ნაწილს კი, ქალაქში გადასაადგილებლად, ჯერ კიდევ შედარებით იაფფასიანი სედანის ფლობა ურჩევნია. ერთ-ერთი ასეთი მატერიალურად ხელმისაწვდომი საოჯახო ავტომობილი კი Hyundai Elantra-ა.

Hyundai-მ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარების დიდი გზა განვლო და მისი ავტომობილებიც მომხმარებელში ინტერესს იძენს. თუმცა, არის მომხმარებლთა ისეთ ნაწილიც, რომელსაც კორეული ავტომწარმოებლის მიმართ საკმარისი ნდობა არ გააჩნია და მას ევროპული ან ამერიკული წარმოების ავტომანქანებს ამჯობინებს. ევროპის ბაზარზე Elantra-ს უამრავი კონკურენტი ჰყავს, თუმცა, ვინაიდან ჩვენ, შედარებით, იაფფასიანი მოდელები გვაინტერესებს მის კონკურენტად Skoda Octavia შევარჩიეთ. ერთმანეთთან შესადარებლად Hyundai Elantra 1.8 SX-ი და Skoda Octavia 1.8 TSI Elegance-ი არიან წარმოდგენილნი.

დიზაინი და ექსტერიერი

Hyundai: ესთეტიკური თვალსაზრისით, Elantra მოხდენილი დიზაინის ავტომობილია, რომელსაც ფლუიდურობა დასთამაშებს. შეიძლება ითქვას ისიც, რომ მას აგრესიული გამოხედვაც აქვს. წინა სარტყელზე ავტომობილს სასუნთქად საკმაოდ მცირე ზომის ცხაურა აქვს დამონტაჟებული, რომელსაც ქრომირებული ხაზი ელეგანტურობას სძენს. ცხაურაში ინტეგრირებული Hyundai-ს ლოგო სადად და ლამაზად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ Elantra-ს ეს მოდელი უკვე დიდი ხანია ქუჩებში დადის, მისი მაშუქები დღევანდელი სტანდარტითაც მიზიდველად და თანამედროვედ გამოიყურება. LED მაშუქებში მანათობელი ზოლია ჩამონტაჟებული, რომელიც ავტომობილის კონტურებს იმეორებს.  

Skoda: Skoda-ს ისეთივე გამომწვევი ფორმები და ძლიერი ხასიათი არ აქვს, როგორს Elantra-ს, თუმცა, მისი მარტივი და სადა დიზაინი სოლიდურობას ატარებს. ავტომობილს წინ ლამაზი სარტყელი და კუნთოვანი მაშუქები აქვს, რომლიდანაც Bi-Xenon-ის ნათურები დამაინტრიგებლად იმზირება. მაშუქებზე დღის განათებაც არის დამონტაჟებული, რომელიც ოდნავ აგრესიულ ხასიათს ატარებს. ცხაურა აქ უფრო დიდია და თუ გულწრფელი ვიქნებით, უფრო გრაციოზულიც. პროფილში Octavia საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება. უკანა კარების ჭრილი ჩვეულებრივზე მაღლა ადის, რაც მისაღები დიზაინერული შტრიხია. უკანა სარტყელი კი Skoda-ს გენებს ატარებს, რომელიც Audi-სა VW-ს მოდელებს მოგაგონებთ.

უპირატესი: Hyundai

ინტერიერი და ფუნქციები

Hyundai:
Hyundai მაქსიმალურად ეცადა Elantra-ში ისეთი კომფორტი  და დიზაინი შეექმნა, რომ წინა და უკანა რიგში მგზავრებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ. კოკპიტზე ტყავის დერმატინი და რბილი მატერიალებია გამოყენებული, თუმცა, შედარებით დაბალი კომპლექტაციის მოდელებში უფრო მეტი პლასტმასი შეგხვდებათ. ტესტისთვის განკუთვნილ ავტომობილს ელექტრონული სავარძელი მხოლოდ მძღოლის მხარეს აქვს. Hyundai ამით მძღოლზე მორგებულობას გამოხატავს, რაც საინტერესოა ელემენტია. მაჩვენებელთა დაფაზე სიჩქარისა და ბრუნების მაჩვენებელი განსაკუთრებულად არის გამოყოფილი. ისინი იმგვარადაა შექმნილი, რომ შეხედვისას მეტ სივრცესა და სპორტულ შეგრძნებას გიტოვებთ. ცენტრში მცირე ზომის ეკრანია, სადაც მძოლისთვის აუცილებელი ინფორმაცია აღიბეჭდება. ცენტრალურ კონსოლს საკმაოდ უჩვეულო ფორმა აქვს. ეს არც ოთხკუთხედი, არც ტრაპეციული და არც მომრგვალებული ფორმებია. კონსოლზე ბევრი ღილაკი არ არის განთავსებული, თუმცა, ინტუიციურსაც ვერ ვუწოდებთ. ცენტრში 8 სანტიმეტრიანი სენსორული ეკრანი გვხვდება, რომელიც დღევანდელი სტანდარტებით საკმაოდ მოძველებულია. ხმის სისტემა ოთხ დინამიკს მოიცავს და მათი ხმა არაფრით გამოირჩევა. რაც შეეხება პრაქტიკულობას, კაბინაში დიდი ადგილი, ჭიქის ორი მოსათავსებელი და უამრავი სათავსო ადგილია. 

Skoda: Skoda-ს სადა და მარტივი დიზაინი სალონშიც მეორდება. აქ ფორმები გაცილებით უფრო დახვეწილია და კაბინის არქიტექტურა გაკვირვებულობას და დაბნეულობას არ იწვევს. კოკპიტი ყველა კომპლექტაციაში რბილი მატერიალების გამოყენებით არის შესრულებული, მაგრამ იაფფასიანი პლასტმასის დეტალები წინა რიგის სიღრმეებსა და უკანა რიგში მაინც გვხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სალონის თითქმის ყველა ჭრილი თანამედროვედ გამოიყურება. თანამედროვეობა კი პრაქტიკულობასთან არის შერწყმული. Octavia-ს ინტერიერში მგზავრებისთვის უფრო მეტი ადგილია და ის სათავსოების ნაკლებობასაც არ განიცდის. გეტყვით იმასაც, რომ Skoda აღნიშნულ მოდელში სალონის სხვადასხვა ფერის შეხამებასაც ითავაზებოდა. მაჩვენებელთა დაფა ტიპური Skoda-ს დაფას გაგახსენებთ. აქ ციფრები წრიულადაა განლაგებული, რაც აზრთა სხვადასხვაობას მუდმივად იწვევდა. ცენტრალურ კონსოლში კი ყველაფერს მარტივად მიაგნებთ, რაც მის ინტუიციურობაზე მიუთითებს. ცენტრალური სენსორული მონიტორი აქ უფრო დიდი ზომისაა და მასზე გამოსახულება უფრო მარტივი აღსაქმელია. Octavia ხის გაფორმებითაც გამოდიოდა, რაც მის ინტერიერს უფრო მდიდრულობას სძენს.

უპირატესი: Skoda

სვლა და წარმადობა.

Hyundai:
Hyundai Elantra, Octavia-ს მსგავსად, დიზელისა და ბენზინის ძრავებით არის ხელმისაწვდომი. Elantra-ს 1.8 ლიტრი მოცულობის, Dual VTVT ძრავა 150 ცხენის ძალასა და 177 ნიუტონ მეტრს 4700 ბრუნზე გამოიმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის დიზელის ძრავიანი ავტომობილია უპირიტესი, მაშინ CRDi VGT-ვერსია უნდა აირჩიოთ. მას 120 ცხენის ძალა და 259 ნიუტონ მეტრის სიმძლავრე აქვს. ავტომობილი, როგორც 6-სიჩქარიანი მექანიკური, ისე 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იწარმოებოდა.

Skoda: Octavia-ს საბაზისო კომპლექტაცია 1.4 ლიტრი მოცულობის TSI ძრავას მოიცავს, რომელიც 140 ცხენის ძალასა და 250 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აღნიშნული სიმლავრე 1500 ბრუნიდან 3500 ბრუნამდეა ხელმისაწვდომი. იმ შემთხვევაში თუ სიმძლავრე საკმარისი არ იქნება Octavia-ს სხვა უფრო მძლავრი ვერსიებიც არსებობს, რომლებსაც 180 ცხენის ძალიანი აგრეგატი აქვთ. Skoda-ს დიზელის ვარიანტი 2 ლიტრიანი 2TDI CR-ძრავაა, რომელიც 143 ცხენის ძალასა და 320 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. როგორც Elantra-ს, Octavia-ც მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით არის ხელმისაწვდომი.

უპირატესი: Skoda

ეკონომიურობა

ეკონომიურობა: Skoda Octavia-ს ბენზინის ძრავიანი ვერსიები Elantra-ზე უფრო ეკონომიურია. 1.4 ლიტრიანი ვერსია საშუალოდ 6 ლიტრ საწვავს, ხოლო 1.8 TSI ვერსია 7.3 ლიტრს მოიხმარს. Hyundai Elantra-ს ანალოგი კი ქალაქის პირობებში 8,9 ლიტრი საწვავით კმაყოფილდება. Hyundai-ს კონკურენტზე უკეთესი შედეგი დიზელის ძრავიან ვერსიებში აქვს. ის ქალაქის პირობებში 5.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Skoda-ს Octavia Elantra-ს მცირედით ჩამორჩა. დიზელის ძრავიანი Octavia ქალაქში 5.3 ლიტრ საწვავს საჭიოებს.

უპირატესი: Octavia

ვერდიქტი

ამ ორ ავტომობილს შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ისინი ერთმანეთთან ახლო მეტოქეობაში არიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ Octavia ერთი ნაბიჯით წინ არის. Octavia უფრო უკეთესად აწყობილი და სოლიდური ხასიათის  ავტომობილია. Hyundai კი, შედარებით, არასერიოზულად გამოიყურება. ეს ავტომობილი უფრო ახალგაზრდების მოთხოვნების შესაბამისია. მიუხედავად ყველაფრისა, Hyundai-ს უდიდესი პლიუსი value-for-money-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფასი, რასაც მისთვის იხდით სრულიად გამართლებულია. საბოლოოდ კი უნდა ითქვას, რომ არჩევანი მომხმარებელმა საკუთარი ინტერესისა და საჭიროებების მიხედვით უნდა გააკეთოს.

გაზიარება: