Mitsuoka-მ კლასიკური Corvette გააცოცხლა, თუმცა მას საფუძვლად Mazda MX-5 დაუდო
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Mitsuoka-მ თავისი ახალი 2-ადგილიანი როდსტერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ახალი ფოტოებიც კი გაავრცელა. ეს მოდელი, სახელწოდებით LA1, ერთი შეხედვით კლასიკურ Chevrolet Corvette C1-ს წააგავს, თუმცა მას თანამედროვე უკანაამძრავ პლატფორმასთან აერთიანებს. მისი საფუძველი კი, არც მეტი, არც ნაკლები, Mazda MX-5 ND-ია.
Mitsuoka LA1-ის ოფიციალური პრემიერა ამ წლის 26 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა კომპანიამ ახალი ავტომობილის ექსტერიერის დიზაინი უკვე გაასაჯაროვა. გავრცელებულ რენდერებზე 2-ადგილიან და 2-კარიან როდსტერს ვხედავთ, რომელიც მართლაც წააგავს ბევრისთვის საყვარელ და ლეგენდარულ ამერიკულ სპორტულ ავტომობილს.

წინა ნაწილი 1958 წლის შემდეგ გამოშვებულ Corvette C1-ებს ჰგავს. ავტომობილს ოთხი მრგვალი ფორმის მაშუქები უყენია, წინ კი ქრომირებული ბამპერი და დიდი ზომის ცხაურია განთავსებული. დიზაინს წინა სპლიტერი და ჰაერის მიმღების მქონე კაპოტი ასრულებს.
კლასიკური Corvette C1-ის დიზაინს წააგავს ახალი იაპონური მოდელის გვერდითა ნაწილიც. კარის ქვედა ნაწილში დეკორატიული საჰაერო ჭრილებია დამატებული, ხოლო ამერიკული სპორტქარისთვის დამახასიათებელ სილუეტს დეკორატიული ზოლები ქმნის. საქარე მინის ჩარჩოსა და დასაკეცი რბილი სახურავის საფუძვლად კი Mazda MX-5-ის ქარხნული დეტალებია გამოყენებული.

LA1-ს ასევე აქვს ქრომირებული გვერდითი ზღურბლები და სპეციალურად ამ მოდელისთვის დამზადებული უკანა ფრთები. ეს უკანასკნელი ავტომობილის უკანა ნაწილს ვიზუალურად აგრძელებს. უკანა ნაწილი კი 1961 წლამდე წარმოებული C1 Corvette-ების ჰგავს. ავტომობილს ასევე აქვს ვინტაჟური სტილის ბამპერი და სპეციალურად შექმნილი საბარგულის სახურავი.
ასევე დაგაინტერესებთ: იაპონიის ახალი Corvette, სავარაუდოდ, კარგად შენიღბული Mazda MX-5-ია

რა ვიცით ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე?
LA1-ს ტექნიკურ მახასიათებლებზე Mitsuoka-ს კონკრეტული დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია. თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იაპონური სპორტქარი Mazda MX-5 ND-ის ბაზაზეა შექმნილი, მისი აგრეგატების გამოყენების შესაძლებლობაც არ უნდა გამოვრიცხოთ.
ცნობისთვის, Mazda MX-5-ს 1.5-ლიტრიანი და 2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავები აქვს. პირველი 130 ცხენის ძალას, მეორე კი 181 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორივე ვერსიის შემთხვევაში, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე უკანა ბორბლებს გადაეცემა. მომხმარებელს კი შეუძლია არჩევანი 6-სიჩქარიან მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს შორის გააკეთოს.


შესაბამისად, დიდი ალბათობით, Mitsuoka LA1-იც MX-5-ის თანამედროვე ტექნიკურ საფუძველს შეინარჩუნებს. თუმცა საბოლოოდ, ავტომობილის სპეციფიკაციები თავად კომპანიამ უნდა დაადასტუროს და ეს, ალბათ, უახლოეს პერიოდში მოხდება.