„ჯეი ლენოს კანონი“ მიღებულია | ლეგენდამ ავტომოყვარულებს ცხოვრება გაუმარტივა
კალიფორნიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატის კლასიკური და ვინტაჟური ავტომობილების მოყვარულებისთვის უდიდესი გამარჯვებაა. ამ კანონს საზოგადოებაში უკვე "ჯეი ლენოს კანონის" სახელით იცნობენ, რადგან მისი მიღების მთავარი ინიციატორი და ლობისტი სწორედ ლეგენდარული ტელეწამყვანი და კოლექციონერი ჯეი ლენო იყო.

ახალი რეგულაცია პირდაპირ ეხება კალიფორნიის გარემოსდაცვით მკაცრ კანონმდებლობას და მნიშვნელოვან შეღავათებს უწესებს ისტორიულ ტექნიკას. ახალი კანონით, გამონაბოლქვის შემოწმების საგამონაკლისო ზღვარი გაიზარდა — აქამდე კალიფორნიაში ტექნიკური და გამონაბოლქვის სავალდებულო შემოწმებისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ 1975 წლამდე გამოშვებული ავტომობილები. ახალი კანონის მიხედვით, ეს ზღვარი მცოცავი ხდება და 45 წელზე უფროსი ასაკის ყველა ავტომობილზე გავრცელდება (მაგალითად, დღესდღეობით 1981 წლამდე გამოშვებულ მოდელებზე).

ძველი, 80-იანი წლების ავტომობილების მფლობელები წლებია აწყდებოდნენ პრობლემას: კალიფორნიის მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების გამო, 40 წლის წინანდელი ტექნოლოგიის მანქანების სერტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ქარხნული სათადარიგო ნაწილები აღარ იწარმოება.
ჯეი ლენო, რომლის კოლექციაც ასობით იშვიათ ავტომობილსა და მოტოციკლს მოიცავს, პირადად გამოდიოდა შტატის სენატში სიტყვით. მისი მთავარი არგუმენტი მარტივი იყო: კლასიკური ავტომობილები გარემოს არ აბინძურებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათით ყოველდღიურად არავინ გადაადგილდება. კოლექციონერებსა და ენთუზიასტებს ეს მანქანები გამოსასვლელ დღეებში, გამოფენებსა და შოუებზე გაჰყავთ, შესაბამისად, მათი წლიური გარბენი მინიმალურია და შტატის ეკოლოგიაზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს.

ეს გადაწყვეტილება 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის კლასიკური მოდელების შენარჩუნებასა და აღდგენას გზას უხსნის. კალიფორნიელი ავტოკოლექციონერები ახლა უკვე ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შეძლებენ ისტორიული ტექნიკის რეგისტრაციასა და გზებზე გაყვანას.