Aa Aa
16 ნოემბერი 2020  |  11:47

თურქეთის გრან პრი: ჰამილტონი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონია!

თურქეთის გრან პრი - ჰამილტონი ჩემპიონია. მეორეზე სერხიო პერესი გავიდა. პოდიუმს სებასტიან ფეტელი დაუბრუნდა.

რეკორდი მოხსნილია! ლუის ჰამილტონი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონია. რთული კვალიფიკაციის შემდეგ, ბრიტანელმა გამარჯვება მოიპოვა და, სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე, ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

თურქეთის გრან პრიზე მოვლენები თავიდან ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. წვიმიან ამინდში კვალიფიკაციის შემდეგ პოლ პოზიციაზე ლენს სტროლი აღმოჩნდა. „მერსედესის“ პილოტებმა კი მხოლოდ მეექვსე და მეცხრე ადგილის მოპოვება შეძლეს. კვალიფიკაციის შემდეგ, ჰამილტონმა განაცხადა, რომ სულ ეს იყო, რისი გაკეთებაც იმ „საშინელ“ ტრასაზე შეძლო.

კვირას ფიგურული სრიალის ჩემპიონატი პირველივე წრეზე ვალტერი ბოტასმა და ესტებან ოკონმა გახსნეს. მას შემდეგ კიდევ ბევრი დაბზრიალებული ბოლიდი ვიხილეთ, მაგრამ ბოტასმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჯამში 6-ჯერ დაბზრიალდა.

არასწორად დაგეგმილმა პიტ-სტოპმა სტროლს პოზიცია დააკარგვინა და, საბოლოოდ, რბოლის ლიდერმა თურქეთის გრან პრი მეცხრე პოზიციაზე დაასრულა. მან გაბრაზება ვერ დამალა და რადიოში თქვა, რომ ვერ გაიგო, რატომ აღარ ჰქონდა მის ბოლიდს ტემპი. სამაგიეროდ, რბოლა წარმატებული მისი გუნდელისთვის, სერხიო პერესისთვის აღმოჩნდა, რომლის ადგილსაც შემდეგ სეზონში ფეტელი დაიკავებს. 

დრამა ბოლო წრემდე გაგრძელდა. შარლ ლეკლერმა პერესთან მეორე პოზიციისთვის რბოლაში შეცდომა დაუშვა. სებასტიან ფეტელმა გუნდელს გადაუსწრო და, საბოლოოდ, პოდიუმის მესამე საფეხურზე აღმოჩნდა. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ლუის ჰამილტონს მეშვიდე ტიტულის მოპოვება მიულოცა. სწორედ მსგავსი საქციელები არის მიზეზი, რის გამოც გერმანელი გულშემატკივრებს ძალიან უყვართ.

ეს რბოლა მხოლოდ მისი შედეგებით არ ყოფილა უცნაური. ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს არასწორად განლაგებული პოდიუმის საფეხურები არ გამორჩენიათ.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/58 - საშინელი სტარტი ფერშტაპენისთვის! ბოტასი ოკონს ეჯახება. პირველივე წრეზე ყვითელი დროშები. სტროლი ლიდერობას ინარჩუნებს. ჰამილტონი Racing Point-ის პილოტების უკანაა.  

18/58 - ფერშტაპენი შეცდომას უშვებს! ის მეორე ადგილისთვის პერესს ებრძოდა, მაგრამ დაბზრიალდა. ალბონი, ფეტელი და ჰამილტონი მას უსწრებენ.

36/58 - სტროლი პიტ-სტოპაზეა! კანადელი რბოლის პირველი ნახევარი ძალიან მშვიდი იყო. სტოპის შემდეგ კი მის ხმაში პანიკა იგრძნობა. ის ახალი საბურავებით უკმაყოფილოა.

38/58 - ჰამილტონმა პერესს გაუსწრო!  ბრიტანელი რბოლის ლიდერია.

57/58 - ჰამილტონი გუნდის ბრძანების წინააღმდეგ მიდის! გუნდს პიტ-სტოპის გაკეთება უნდა. ჰამილტონს კი სურს, რომ რბოლა იმავე საბურავებით დაასრულოს.  

ფინიშის დროშა - ისტორია დაწერილია! ჰამილტონი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონია!

დღის პილოტი - სებასტიან ფეტელი

დღის მრბოლელი სებასტიან ფეტელი გახდა. მან რბოლა მეთერთმეტე პოზიციიდან დაიწყო და სველ პირობებში შესანიშნავი უნარების გამოვლენის  შემდეგ, პოდიუმზე აღმოჩნდა. ამჯერად, მან სპინერის სტატუსი ბოტასს გადაულოცა და გულშემატკივრების გახარება შეძლო. ფეტელი შემდეგი წლიდან Aston Martin-ის გუნდის სახელით გამოვა. ამ რბოლაში Racing Point-მა კარგი შედეგი აჩვენა, ისევე, როგორც სებასტიან ფეტელმა. ეს მოცემულობა მისი გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემია.

დღის რადიო

„4 წრე დარჩა“. - ეს შეტყობინება გუნდისგან ვალტერი ბოტასმა მიიღო. „ნეტავ ნაკლები იყოს!“ - უპასუხა ფინელმა იმ საშინელი რბოლის შემდეგ, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

სეზონის დასრულებამდე 3 რბოლა დარჩა, თუმცა, უკვე ყველანაირი ინტრიგა დაკარგულია. ჩემპიონის ვინაობა ცნობილია. ამ სპორტის გულშემატკივრებს კი სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა მომავალი სეზონის ლოდინისა. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ წელს უფრო დაძაბულ რბოლას და პოდიუმზე პილოტების მრავალფეროვნებას ვიხილავთ. ეს ამ სპორტს ერთფეროვნებით დაკარგული ინტერესის დასაბრუნებლად ნამდვილად სჭირდება.

 

გაზიარება: