Tesla და SpaceX-ი მსოფლიოში უდიდესი საწარმოს მშენებლობას იწყებენ — რა არის Terafab-ი?
Tesla და SpaceX-ი დეკემბერში მსოფლიოში უდიდეს შენობაზე მუშაობას იწყებენ — Terafab-ის ფართობი 9.3 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება და მისი აშენების მხოლოდ პირველი ეტაპი 16.8 მილიარდი დოლარი დაჯდება. ტეხასში მდებარე არქიტექტურული მონსტრი Tesla-ს, SpaceX-ისა და Intel-ის ერთობლივი საწარმო გახდება.
გრაიმსის ოლქში მდებარე ობიექტი, სავარაუდოდ, მსოფლიოში ნახევარგამტარების უდიდესი ქარხანა გახდება, რაც მას როგორც კომერციულ, ისე სტრატეგიულ ნაბიჯად აქცევს, რადგან როგორც ჩანს, მსოფლიოს ჩიპები მართავენ... სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, Terafab-მა წელიწადში 100 მილიარდამდე ხელოვნური ინტელექტისა და მეხსიერების ჩიპის გამოშვება უნდა შეძლოს.

Tesla ამჟამად ისეთ გარე მომწოდებლებს ეყრდნობა, როგორებიც Samsung-ი, Micron-ი და TSMC-ი არიან, რაც ხშირად ფინანსური და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს იწვევს.
„SpaceX-ისა და Tesla-ს ერთობლივი მოთხოვნა ჩიპებზე, სავარაუდოდ, გადააჭარბებს ერთ ტერავატ გამოთვლით სიმძლავრეს, რაც მნიშვნელოვნად მეტია მიმდინარე გლობალურ მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მომწოდებლების მადლიერები ვართ და მოვუწოდებთ მათ, გააფართოონ წარმოება, რამდენადაცაა ეს შესაძლებელი, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ეს მოსალოდნელი უფსკრული Terafab-ის აუცილებლობის მთავარი მიზეზია.“, — განაცხადა ბრენდის წარმომადგენელმა.
კონტექსტისთვის, ერთი შენობის შიდა გამოსაყენებელი ფართობით მიმდინარე რეკორდსმენი ჩენგდუს New Century Global Center-ია, რომლის ფართობიც დაახლოებით, 1 750 000 კვადრატული მეტრია.
View this post on Instagram
ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მასკი სწრაფად და აგრესიულად ცდილობს, თავისი კომპანიების საქმიანობა ერთმანეთში გადახლართოს. მაგალითად, X-ი ტექნიკურად სოციალური მედიის პლატფორმაა, თუმცა მას ასევე მოჰყვება ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია, Grok-ი. და რადგან Grok-ზე წვდომის ძირითადი გზა X-ია, სოციალური მედიის პლატფორმა ეფექტურად გარდაიქმნა AI დისტრიბუციის ძრავად, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული xAI-სთან.
შემდეგ არის Tesla — რომელზეც მფლობელმა არაერთხელ თქვა, რომ ის არ არის მხოლოდ ავტომწარმოებელი — და SpaceX-ი. ეს უკანასკნელი და Tesla ერთად მუშაობდნენ Roadster-ზე, და ეს შესაძლოა არ იყოს ერთჯერადი შემთხვევა. ზოგი პროგნოზით, ადრე თუ გვიან, ეს კომპანიები ერთ გიგანტურ AI/კოსმოსურ/საავტომობილო კომპანიად გადაიქცევიან. ვნახოთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გაგვიკვირდება...