ბიემვი, ბიემვი მესამე სერია, ბიემვი იქს3, ბიემვი იქს3 ემ50
Aa
Aa

ის, რაც მესამე სერიის გამო გამოგვრჩა | კვირის მთავარი სიახლეები BMW-სგან

ამ კვირაში, BMW-ის, ან შესაძლოა სრულად ავტოინდუსტრიის მთავარი სიახლე ახალი, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მესამე სერია იყო. მერვე თაობის სპორტული სედანის გარშემო არსებულმა აჟიოტაჟმა კი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები გადაფარა. თუმცა, რეალურად, ამავე კვირაში, BMW-ის რამდენიმე პოპულარულ მოდელშიც ვიხილეთ ტექნიკური განახლებები, მათ შორის სიმძლავრის ზრდაც კი.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

ენთუზიასტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე კი, ალბათ, X3 M50-ს ეხება. კროსოვერის 3-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა ახლა ახალი M350 xDrive-ის მსგავს სპეციფიკაციაზეა და 393 ცხენის ძალის ნაცვლად 437 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გამოდის, რომ მოდელის სიმძლავრე 44 ცხენის ძალით გაიზარდა.

BMW-ს ამ დროისთვის არ განუმარტავს, თუ როგორ აისახება ეს ცვლილება X3 M50-ის დინამიკაზე. განახლებამდე მოდელი 100 კმ/სთ-ს 4.6 წამში ავითარებდა. შედარებისთვის, უფრო მსუბუქი M350 xDrive-ს 100-მდე აჩქარებას 4.1 წამი ანდომებს.

 

BMW-ს ამ თაობის X3-ის რეალური M-ვერსია ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა 437 ცხენის ძალით X3 M50 უკვე იმ სიმძლავრეს ავითარებს, რამდენსაც E92 თაობის M3 გამოიმუშავებდა. შესაბამისად, ის ბრენდის სრულფასოვანი X3 M-ის გამოჩენამდე კონკურენტულ ალტერნატივად რჩება.

განახლებები ელექტრო iX3-საც შეეხო. საბაზისო ვერსიის მონაცემები არ შეცვლილა: iX3 50 კვლავ 463 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ერთძრავიანი iX3 40 — 316 ცხენის ძალას. თუმცა ახალი iX3 40-ის ორძრავიანი ვერსიის, iX3 40 xDrive-ის, შეძენაც შესაძლებელია. დამატებითი ელექტროძრავა მხოლოდ ავტომობილის სრულამძრავიან სისტემაზე არაა პასუხისმგებელი და სიმძლავრესაც ზრდის.

შედეგად, iX3 40 xDrive 369 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ერთძრავიან ვერსიაზე 56 ცხენის ძალით მეტია. იგივე ორძრავიანი კონფიგურაცია BMW-მ ახალი i3 40 xDrive სედანისთვისაც გამოიყენა. დამატებითი ძრავის გამო, რა თქმა უნდა, ავტომობილი უფრო მძიმეა, თუმცა BMW აცხადებს, რომ მას ერთძრავიან iX3-ზე უკეთესი დინამიკა უნდა ჰქონდეს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი 100 კმ/სთ-ს 5.9 წამში ავითარებს.

არ გაგიკვირდებათ და მეორე ძრავას თავისი ფასიც აქვს და ეს მხოლოდ ავტომობილის შეძენის ღირებულებას არ ეხება. BMW-ის მონაცემებით, iX3 40 xDrive ერთი დამუხტვით 515-დან 621 კმ-მდე გადის. ეს კი 1-ძრავიანი ვერსიის პიკზე, 636 კმ-ზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოდელი ერთსა და იმავე 82.6 კვტ/სთ-იან ბატარეას იყენებს. უფრო მძლავრი iX3 50 კი შედარებით დიდი ზომის 108.7 კვტ/სთ-იანი ბატარეით არის აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 805 კმ-მდე სვლის მარაგიც აქვს.

ამ კვირაში BMW-მ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე M5-ის სედანისა და Touring-ისთვის წარადგინა. ეს 20- და 21-დუიმიანი დისკებია. დისკები BMW M Performance-ის ხაზს მიეკუთვნება და მათი დასამზადებლად ახალი ტექნოლოგია გამოიყენება. BMW-ის განცხადებით, ეს საავტომობილო ინდუსტრიაში ამ მეთოდის გამოყენების პირველი შემთხვევაა. ალუმინი ვაკუუმში, გარედან შიგნით მიმართულებით ისხმება და სრულ პროცესს მხოლოდ 0.05 წამი სჭირდება. შედეგად, დისკები უფრო მტკიცეა და ჩვეულებრივთან შედარებით 20%-მდე მსუბუქიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BMW-მ ყველაზე მძლავრი მესამე სერია წარადგინა | M350 xDrive 437 ცხენის ძალით გამოდის
BMW-მ ყველაზე მძლავრი მესამე სერია წარადგინა | M350 xDrive 437 ცხენის ძალით გამოდის