Toyota-მ Cars-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა გააცოცხლა
Cars-ის ანიმაციური ფილმი რეალურ სამყაროში არაერთი საავტომობილო პროექტისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ. თუმცა ის, რაც იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ გააკეთა, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო იდეა იყოს, რომელიც ოდესმე ვინმეს განუხორციელებია.
ავტომწარმოებელმა FIA-ს მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატთან (WEC) თანამშრომლობით, Cars-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოიტანეს და ამისთვის „ლემანის“ გამარჯვებული რეალური სარბოლო ავტომობილიც გამოიყენეს.

მართალია, Toyota-ს ვიდეო 100%-ით არ ემთხვევა ფილმის სცენას, თუმცა Cars-ის გულშემატკივრებისთვის მინიშნება მარტივად ამოსაცნობია. განსხვავება ისაა, რომ რეალურ სიტუაციაში Toyota-ს სარბოლო ავტომობილი Radiator Springs-ში არ ვარდება.
ვიდეოში Toyota-ს GR010 Hybrid Hypercar-ი გამჭვირვალე მისაბმელში დგას და უკან Toyota-ს რამდენიმე მოდიფიცირებული ავტომობილი მოჰყვება. ეს კი იმ სცენის სახალისო ინტერპრეტაციაა, რომელშიც პიკაპ Mack-ს Lightning McQueen-ი გადაჰყავს, გზაზე კი ქუჩის რბოლებში მონაწილე ავტომობილების ჯგუფი ქაოსს ქმნის.

ფილმში Lightning საბოლოოდ მისაბმელიდან ვარდება და Mack-ს შორდება, რის შემდეგაც შემთხვევით Radiator Springs-ში აღმოჩნდება — სწორედ აქედან იწყება ფილმის მთავარი ისტორია.
რა თქმა უნდა, რეალურ პირობებთან შესაბამისობაში, Toyota-ს ვერსია ბევრად უფრო „მოკრძალებულია“. თუმცა ფილმთან კავშირიც აშკარაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ კოლონაც კი იაპონიაში, Fuji Speedway-ის მიმართულებით მიემართება, რაც მთელ ვიდეოს Cars-ის სცენის იერს აძლევს.
ვიდეოში გამოყენებული GR010 Hybrid-ი კი, როგორც გითხარით, ერთი რიგითი სარბოლო ავტომობილი არაა. ეს Toyota-ს Le Mans-ის ჰიპერქარია, რომელმაც 2026 წლის „ლე მანის 24 საათი“ მოიგო. ავტომობილს, მეშვიდე ნომრით, მაიკ კონვეი, კამუი კობაიაში და ნიკ დე ვრიესი მართავდნენ. Toyota-მ რბოლაში BMW-ს მხოლოდ 10.913 წამით აჯობა.