Ford-ი რალის უბრუნდება! — WRC ამერიკელებს ახალი წესებით დახვდება
2028 წელს სრულფასოვანი ქარხნული Fiesta-ს დებიუტი შედგება, ხოლო 2029 წელს Ford-ი რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად შექმნილ ახალ ავტომობილს წარადგენს.
Ford-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავტოსპორტის პროგრამას აფართოებს და WRC-ის არენას უბრუნდება. მსოფლიო რალი ამჟამად მასშტაბურ ცვლილებებს განიცდის, რამაც შესაძლოა შიგაწვისძრავებისა და ელექტრომობილების პირდაპირი ორთაბრძოლებიც კი მოგვიტანოს. ახალი ეპოქის ბოლიდები საერთო უსაფრთხოების კარკასზე აიგება, რაც გუნდების შესვლის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ამ კვირის დასაწყისში Ford-მა ავტოსპორტში ყოფნის 125 წლის იუბილე აღნიშნა და როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ ავტომწარმოებელი WRC-ის უმაღლეს ლიგას დეკადაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს. 1978 წლიდან (როცა WRC დაფუძნდა) 2012 წლამდე „ლურჯი ოვალი“ რალის მწვერვალის მუდმივი მკვიდრი იყო და წარმატებასაც არაერთხელ მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, ამერიკელები აღარ გამოჩენილან.
ვითარება 2028 წლიდან შეიცვლება. Ford-ი თავის ქარხნულ პროგრამას პარტნიორ M-Sport-თან ერთად დროებით Fiesta-ს დაბრუნებით დაიწყებს. თუმცა ეს მხოლოდ გახურებაა — სრულიად ახალი WRC ბოლიდი ასპარეზზე 2029 წლიდან გამოვა.

ფაქტია, ამერიკულ ავტომწარმოებლებს ბრენდთან ემოციების დაბრუნება სჭირდება — იმ სიყვარულის ხელახლა გაღვივება, რომელსაც ავტომოყვარულების გულში Ford-ის გაგონება აღძრავდა — ეს კი სპორტში დაბრუნების გარეშე შეუძლებელია, რაც ამერიკელებს საუკეთესოდ მოეხსენებათ. ამიტომ, კომპანია ამჟამად ჰიბრიდულ ძრავებს აწვდის Red Bull-ის F1 გუნდს, ემზადება მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატისთვის ჰიპერქარით და ახლახან დაკარის რალისთვის Raptor T1+-იც კი წარადგინა.
მრავალგზის ჩემპიონი
Ford-მა WRC-ის კონსტრუქტორთა და მრბოლელთა ტიტულები ჯერ კიდევ 1979 წელს მოიპოვა, როდესაც ბიორნ ვალდეგარდი Mk2 Escort RS1800-ით ბრწყინავდა. მოგვიანებით, Focus RS WRC-ით კომპანიამ 2006 და 2007 წლებში ზედიზედ დაისაკუთრა კონსტრუქტორთა თასი. ბოლოს კი, 2017 წელს, M-Sport-ის Fiesta WRC-მ Ford-ის დახმარებით ორივე კატეგორიაში გაიმარჯვა (თუმცა ფორმალურად კონსტრუქტორად M-Sport ითვლებოდა).

2027 წლიდან WRC-ის რეგლამენტი რადიკალურად იცვლება. ახალი წესები თითოეულ ავტომობილზე 345 000 ევროს ბიუჯეტურ ლიმიტს აწესებს. 2029 წლიდან კი დღის წესრიგში ჰიბრიდული და სრულიად ელექტრო აგრეგატებიც დგება. ამასთან, გუნდებს შეეძლებათ უნიფიცირებულ უსაფრთხოების კარკასზე ნებისმიერი ძარა მოარგონ — ჰეჩბექიდან დაწყებული, ქროსოვერით დამთავრებული.
როგორც ფორდში აცხადებენ, რალიში დაბრუნების მიზანი მხოლოდ კვირას გამარჯვება და ორშაბათს გაყიდვების გაზრდა არ არის. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ რალის ტრასებზე მიღებული გამოცდილება სერიულ მოდელებში პირდაპირ გადაინაცვლებს და Ford-ის ყოველდღიურ ავტომობილებს ბევრად უფრო საინტერესოს გახდის.
