ევროკავშირი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ევროპა, ელექტრომობილების გაყიდვები
Aa
Aa

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები რეკორდულ დონემდე გაიზარდა

2026 წელს ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამ ზრდის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი რეგიონში შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების ახალი მოდელების გამოჩენა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ბრიუსელში დაფუძნებული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Transport & Environment-ის (T&E) ანგარიშის თანახმად, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 1.64 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია.

შედეგად, ბლოკის ქვეყნების ბაზარზე ელექტრომობილების მთლიანმა წილმა 22%-ს მიაღწია. ეს კი, ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6 პროცენტული პუნქტით ზრდაა.

T&E-ის შეფასებით, 2026 წელი ევროპაში ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ერთი წლის განმავლობაში, ევროპელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. ამ ზრდის ფონზე, ავტომწარმოებლები, ბლოკის გამონაბოლქვზე დაწესებული სამიზნე ნიშნულების დასაკმაყოფილებლად, საკუთარ ელექტრომობილების ხაზს აფართოებენ.

ბაზარზე შედარებით ხელმისაწვდომ ახალ ელექტრომობილებს შორისაა Volkswagen-ის სრულად ელექტრო Polo. არსებული საწარმოო ხაზისთვის ახალი მოდელების დამატება ავტომწარმოებლებს ევროპული ბლოკის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესებაში დაეხმარება და მათ მაღალ ჯარიმებსაც თავიდან აარიდებს.

ელექტრომობილების შეთავაზებებით კი, ბაზარს კვლავ ევროპული ავტომწარმოებლები დომინირებენ. მათ ბაზარზე არსებული მოდელების თითქმის 60% ეკუთვნით, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში არსებული ავტოპარკი დამატებით 16 ახალი მოდელით გაიზარდა. ჩინურ ავტომწარმოებლებს, ამავე პერიოდში, ხელმისაწვდომი მოდელების 21% ეკავათ, წლის დასაწყისში მათ დამატებით 11 ახალი ელექტრომობილიც წარადგინეს.

T&E-ის ანგარიში, ელექტრომობილების რეკორდულ გაყიდვებთან მიმართებით, საწვავის ფასების ზრდის გავლენაზეც მიუთითებს. საწვავის მერყევი ფასის გამო კი, შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების მფლობელთათვის ხარჯები იზრდება, რაც ავტომობილების ბაზარზე არსებულ ტენდენციაზეც აისახება.

მსგავსი სიახლეები