საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა
3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების გარკვეულ ნაწილზე ტარიფები გაზრდილია.
დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე და ისიც, მძღოლების მოთხოვნით გაძვირდა. ზრდა კი 10%-ის ფარგლებში მოხდა.
„მგზავრობის ღირებულება ნამდვილად მომატებულია რიგ მიმართულებებზე, მძღოლების მოთხოვნით. ყველა გაზრდილი ტარიფი შორ რეისებზეა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ავტოსადგური, რომელიც ვემსახურებით მგზავრთა გადამყვანებს. ამიტომაც, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას. მატება 10%-ს არ ასცდენია არცერთ მიმართულებაზე.
რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ თუ ფასს გაზრდიან, კონკურენციაში ვერ შევლენ მათთან, ვინც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ. ამიტომ ზარალდებიან თვითონაც და ჩვენც, ავტოსადგურის ადმინისტრაციაც, მაგრამ მათი თქმით, სხვა გზა არ არის. ინარჩუნებენ არსებულ ფასს“- აცხადებს მიქატაძე.
მიუხედავად, ოფიციალურად გაცხადებული პოზიციისა, 50 თეთრით არის გაზრდილი თბილისი-მუხრანის მარშრუტიც.
რაც შეეხება შორს მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:
თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი-ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე - 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა სხვადასხვა მიმართულებაზე 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.
 
წყარო: bpn.ge