თაღლითობა, ლამბორგინი ავენტადორი, ფერარი 488 პისტა, მაკლარენ 765ელტი
Aa
Aa

ფარმაცევტის თაღლითური სქემა და ჩამორთმეული მილიონიანი კოლექცია

ავსტრალიაში მცხოვრებ ფარმაცევტს, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ძვირად ღირებული ნივთები ჩამოართვეს, რომელთა შორისაც ეგზოტიკული ავტომობილების კოლექციაც მოხვდა. სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით ჩამორთმეულ მანქანებს შორისაა Lamborghini Aventador SVJ, Ferrari 488 Pista და McLaren 765LT.

ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014-2023 წლებში ბრალდებული ფარმაცევტული შეღავათების სქემის ფარგლებში ყალბ მიმართვებს გასცემდა. ავსტრალიაში ეს პროგრამა მოქალაქეებისა და ვიზიტორებისთვის რეცეპტით გაცემული მედიკამენტების სუბსიდირებისთვის გამოიყენება.

სამართალდამცველებმა მამაკაცის საცხოვრებელ სახლში, ასევე ახლო მდებარე აფთიაქში ჩხრეკა ჩაატარა. მათი ვარაუდით, თაღლითური სქემის ღირებულება სულ მცირე $7 მილიონს შეადგენდა. აღნიშნული მუხლით, ფარმაცევტს ბრალი უკვე წარედგინა.

მამაკაცს  სულ 12 ავტომობილი ჩამოართვეს. მათ შორის შვიდი BMW, მქრქალი შავი G80 M3 და 7-სერია. ასევე ჩამორთმეულ ავტომობილებშია Ferrari 488 Pista, Ferrari 488 GTB, მუქი იისფერი Lamborghini Aventador, შავი Lamborghini Aventador Ultimae და შავი McLaren 765LT წითელი აქცენტებით.

ავტომობილების გარდა, პოლიციამ პირის სახლი, აფთიაქი და რამდენიმე საბანკო ანგარიში დააყადაღა.  ჩამორთმეული აქტივების საერთო ღირებულება 20 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (დაახლოებით 13,15 მილიონი დოლარი) აღემატება. ჯამში რამდენიმე ბრალდებით, ახლა მამაკაცს 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები