ჯერ არ გამოუშვიათ და უკვე $400 მილიონი იზარალა | ეს Sony-ისა და Honda-ს ახალი ელექტრომობილია
ათი წლის წინ, Honda-სა და Sony-ს პარტნიორობა ყველაზე კარგ შემთხვევაში Grand Turismo-ს კონცეფციამდე მიგვიყვანდა. თუმცა დღეს, ის მხოლოდ ელექტრომობილის პროექტში, ელეგანტური იერსახის Afeela Joint EV-ში გამოიხატება. თუმცა არსებობს ერთი დიდი პრობლემა: კომპანიები ჯერ მანქანის გაყიდვამდეც არ მისულან და პროექტი უკვე ზარალშია.
ამ დრომდე, Sony Honda Mobility-მ ელექტრომობილის პროექტით დაახლოებით $362 მილიონის საოპერაციო ზარალი მიიღო. და საქმე მხოლოდ ელექტრომობილის განვითარებაზე დახარჯულ თანხას არ ეხება. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების თანახმად, ზარალი გასულ ფისკალურ წელთან შედარებით გაორმაგებულია - რაც ხაზს პრემიუმ ელექტრომობილების ბაზარზე თავის დამკვიდრების სირთულეებს კიდევ ერთხელ უსვამს.
Afeela-ს საწყისი ფასი, რომლის დებიუტიც წელს იგეგმება, 89 900 დოლარი იქნება. ეს ერთი მხრივ ერთობლივი საწარმოს სამიზნე ბაზრის პოზიციონირების მკაფიო ნიშანია, მაგრამ ასევე შესაძლოა მიუთითებდეს, რომ კომპანიები დიდი წინასწარი ინვესტიციების ანაზღაურებასაც ცდილობენ.
რეალურად, ნებისმიერი ახალი მანქანის გამოშვება თავიდან ზარალს გულისხმობს. ეს უბრალოდ მოცემულობაა. და რადგან Honda-სა და Sony-ს საბრძოლო ფონდი, როგორც ჩანს, კარგად არის მომარაგებული (ორივე იაპონურმა კომპანიამ გასულ ფისკალურ წელს ჯამში 2.6 ტრილიონ იენზე მეტი ოპერაციული მოგება მიიღო), ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროექტი ორივეს ფინანსური რისკის წინაშე დააყენებს.
თუმცა Afeela-ს მხრიდან ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივად ნამდვილად ვერ ჩაივლის. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი ტაცუო იოშიდა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Afeela-ს მაღალი ფასი ამ ხარჯების კომპენსაციას ისახავს მიზნად, ამ მნიშვნელოვანი ხარჯების სრულად დაფარვა მხოლოდ გაყიდვებით შეიძლება რთული აღმოჩნდეს.
ამას ემატება ბაზარზე მაღალი კონკურენცია, როგორც ჩინური, ასევე Tesla-ს, Mercedes-Benz-ის, BMW-ისა და სხვა ცნობილი მოთამაშეების მხრიდან. თუმცა კომპანიები თავისი გეგმის მიმართ თავდაჯერებულად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ, რომ Honda-ს ინჟინერიისა და Sony-ის ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით, მომხმარებელთა მიზიდვასაც შეძლებენ.