2021 წლის ბოლიდებში იმაზე მეტი ცვლილებაა, ვიდრე ფიქრობდით
თუ ახალი ბოლიდების გაცნობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ არაფერი შეცვლილა, მაშინ თქვენ ცდებით.
2021 წლისთვის ბოლიდები თითქმის ისეთივეა, როგორც გასულ წელს, რადგან გუნდები შეთანხმდნენ, რომ თანხის დასაზოგად შასის არ შეცვლიდნენ, გამონაკლისი მხოლოდ McLaren-ის გუნდია. ეს ერთადერთი გუნდია, რომელმაც 2021 წლის სეზონისთვის ძრავი შეცვალა. შესაბამისად, მათთვის გამონაკლისი დაუშვეს.
სხვა მხრივ, გუნდებს FIA-ს რეგულაციების დაცვით მცირედი ცვლილებების შეტანის უფლება მაინც ჰქონდათ. მთავარი მიზანი მიმჭერი ძალის შემცირება იყო. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც Silverstone-ზე საბურავებს პრობლემები შეექმნა.
მთავარი ცვლილება ბოლიდის ძირმა განიცადა. უკანა საბურავების წინ ის 100 მილიმეტრით შეამცირეს. ნაკლები ფართობი ნაკლებ მიმჭერ ძალას ნიშნავს. მცირე დეტალების ცვლილებით, მიზანი ძალის 10%-ით შემცირება იყო. ბაჰრეინის ტესტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიმჭერი ძალა დაახლოებით 5 პროცენტით შემცირდა.
ბოლიდების ნებადართული მინიმალური მასა (საწვავის გარეშე) კი 746-დან 752-მდე გაიზარდა. აგრეგატის მასა კი 145-დან 150-მდე. ეს იმისთვის კეთდება, რომ გუნდებმა იშვიათი, ძვირადღირებული მატერიალის გამოყენებაზე უარი თქვან. თუ გამოყენებას გადაწყვეტენ, ზოგიერთი გარემოსთან მეგობრული მატერიალი დაშვებულია. მაგალითად, სელი, კანაფის ბოჭკოები, ბამბა, ბამბუკი და ა.შ.
Pirelli-ს საბურავებიც ცოტათი განსხვავებულია. უფრო ხისტი კონსტრუქცია აქვს. მთავარი მიზანი მინიმალური წნევის შემცირება და ტემპერატურის მრავალფეროვან სპექტრზე ადაპტირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებების შემჩნევა რთულია, დიზაინერებმა დეტალებზე ბევრი იმუშავეს. მთავარი საქმე კი ახალი საბურავების მიმჭერი ძალის ახალ დონესთან ადაპტირებაა.
გუნდები აეროდინამიკულ განახლებებში შეზღუდულები არიან. ასევე მკაცრად კონტროლდება რევერსიული ინჟინერია იმიტომ, რომ ყოფილი Racing Point-ისა და Mercedes-ის შემთხვევა ან განმეორდეს. Mercedes-ს კი DAS სისტემის გამოყენების უფლება აღარ აქვს.
ძრავის მხრივ, გუნდებს მხოლოდ მინიმალური ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ.
„თუ ფიქრობთ, რომ 2021 წლის სეზონი მხოლოდ 2020-ის გაგრძელება იქნება, მაშინ თქვენ ცდებით. 2021 წელს წესები განსხვავებულია. ეს ზამთარი ახალი ბოლიდის განვითარებისთვის ძალიან ინტენსიური იყო“. - ამბობს Mercedes-ის გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი.
Red Bull-ის ხელმძღვანელი კი მას არ ეთახმება. ჰორნერის თქმით, RB16B-ს 60% იგივე ნაწილები აქვს.
„ბოლიდების დიდი ნაწილი წინა წლის გაგრძელებაა. ჩვენ ვიცით, რა არის კონკურენტებთან შედარებით ჩვენი მინუსი და ზამთარში სწორედ ამაზე ვიმუშავეთ“. - ამბობს კრისტიან ჰორნერი.