ავარია, სუვი, ავტოსაგზაო შემთხვევა, აშშ, უსაფრთხოება, პორშე, პორშე კაიენი
Aa
Aa

Porsche Cayenne შეჯახებამ შუაზე გაგლიჯა, მძღოლი კი უვნებლად გადარჩა

წარმოიდგინეთ ავარია, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ მძღოლის სავარძლიდან უკან გახედვისას უბრალოდ პეიზაჟს ხედავთ — თქვენი ავტომობილის უკანა ნაწილი კი უბრალოდ აღარ არსებობს. აშშ-ში, ჯორჯიის შტატში Porsche Cayenne-ის მძღოლმა სწორედ ეს გამოცადა. პოლიციის განცხადებით, შეჯახებამ მანქანა შუაზე გაგლიჯა, თუმცა მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა თავად შეძლო.

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ინციდენტი ქალაქ დანვუდში, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებული კადრები შემზარავია: საუბარია Cayenne Coupe-ზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთი მანქანა იყო, ახლა კი 2-ია... (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით).

ავტომობილის წინა ნაწილი უკანასგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა — მათ მხოლოდ რამდენიმე კაბელი და კორპუსის ნამსხვრევები აკავშირებდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრის სავარძელი სამაგრებიდან მოწყდა და პირდაპირ გზაზე აღმოჩნდა. უკანა სექცია კი, საბარგულითა და სავარძლებითურთ, მძღოლის კაბინას სრულად გამოეყო.

პოლიციის თქმით, მძღოლის სავარძელი სალონის ერთადერთი ხელუხლებლად გადარჩენილი ნაწილი იყო, რაც გასაოცარია. მიუხედავად შეჯახების მასშტაბისა, მძღოლმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭებითა და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემით იყო აღჭურვილი, რაც მიანიშნებს, რომ ავარიას კაიენის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია „ემსხვერპლა“ (რომლის ფასიც $130,000-ს აჭარბებს). გამომძიებლების თქმით, ავარიის მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა, რის გამოც მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

თუ ამ შემზარავი შემთხვევიდან რაიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება, ეს თანამედროვე უსაფრთხოების ინჟინერიის საოცარი ეფექტიანობაა. მართალია, Cayenne განადგურდა, მაგრამ მძღოლის გარშემო არსებულმა „გადარჩენის კაფსულამ“ ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც შეიქმნა — სიცოცხლე შეუნარჩუნა ადამიანს იქ, სადაც გადარჩენის შანსი ნულის ტოლი ჩანდა.

თქვენი აზრით, რამდენად უსაფრთხოა თანამედროვე ქროსოვერები ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები