ტოიოტა, ტოიოტა სუპრა, ტოიოტა პრიუსი, ტოიოტა 4-რანერი, ტოიოტა რავ4, წარმოების დასასრული, ტოიოტა ბი ზეტ4 იქსი
Aa
Aa

Supra-ს ეფექტი | წარმოების შეწყვეტამდე, ამერიკელებმა Toyota-ს სპორტქარი დაიტაცეს

როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვს — შესაძლოა, ეს მართალიცაა, თუმცა Toyota Supra-ს მიმართ მომხმარებლის სიყვარული საპირისპიროს გვიმტკიცებს. BMW-სთან პარტნიორობით შექმნილი არსებული თაობის წარმოება დასასრულს უახლოვდება, თუმცა ამ ფაქტმა ამერიკელ მყიდველებში მხოლოდ აჟიოტაჟი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც მოდელის გაუქმებაზე ხმები გავრცელდა, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც მარტისა და პირველი კვარტლის გაყიდვები რეკორდულად მაღალ ნიშნულზე აიყვანა.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

გავრცელებული ცნობებით, Supra-ს წარმოება მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. მართალია, Toyota-ს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ ავტომოყვარულებისთვის ჭორებიც საკმარისი აღმოჩნდა. მარტში 357 Supra გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია (99.4%-იანი ზრდა).

ჯამში, 2026 წლის პირველ კვარტალში Toyota-მ 919 Supra ჩააბარა მფლობელებს, რაც 118.3%-ით მეტია 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე (421 ერთეული). აშკარაა, რომ ფანებს სურთ, საკულტო სპორტქარი გარაჟში მანამ დააყენონ, სანამ ის გაყიდვებიდან საბოლოოდ გაქრება. 

მიუხედავად Supra-ს წარმატებისა, Toyota-ს ბრენდისთვის მარტი არც ისე სახარბიელო გამოდგა — გაყიდვები 6.9%-ით შემცირდა (182,606 ერთეული), ხოლო Lexus-ის მაჩვენებელი 14%-ით დაეცა. კრიზისს განიცდის ზოგიერთი პოპულარული მოდელიც: 2026 წლის პირველ კვარტალში 40%-ზე მეტად შემცირდა მოთხოვნა როგორც Prius-ზე, ისე RAV4-ზე. 

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთმა მოდელმა, რომლებიც ადრე გაყიდვებით არ გამოირჩეოდნენ, პოზიციები გაიმყარეს. მაგალითად, ელექტრომობილ bZ4X-ის გაყიდვები მარტში 149.1%-ით გაიზარდა... შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა ლეგენდარულმა 4Runner-მაც — მისმა გაყიდვებმა 84.4%-ით იმატა.

მოკლედ რომ ვთქვათ, Toyota-ს საწარმოო ხაზში დიდი გარდაქმნებია: ზოგიერთი ლეგენდა სცენიდან გადის, სხვები კი ახალ სიცოცხლეს იძენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები