ამერიკაში Hyundai-ს ჰიბრიდები ძალიან პოპულარულია, Ioniq 6 კი თანდათან კვდება
გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს დიდ დარტყმას აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ Hyundai-სთვის მარტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, 2026 წლის პირველი კვარტლის ჯამური მონაცემები მაინც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
წლის პირველ სამ თვეში Hyundai-მ აშშ-ში 205 388 ავტომობილი გაყიდა, რაც 1%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლაა იმ ფონზე, როცა ბევრი კონკურენტი გაყიდვების ვარდნას განიცდის.
ჰიბრიდების ბუმი და Santa Fe-ს წარმატება
ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ახალი Santa Fe-ა, რომლის გაყიდვებიც 6%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული მოთხოვნა ჰიბრიდულ ვერსიაზე დაფიქსირდა — მისი გაყიდვები 47%-ით არის მომატებული. ჰიბრიდები სხვა მოდელებშიც ლიდერობენ — Elantra HEV-ზე არჩევანი 141%-ით მეტმა მომხმარებელმა შეაჩერა, ხოლო Sonata HEV-ზე მოთხოვნის ზრდა 107%-ს შეადგენდა.
ყველაზე დიდი სიურპრიზი კი მაინც ელექტრომობილმა Ioniq 5-მა შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ელექტრომობილებზე მოთხოვნა ზოგადად ნელდება (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფედერალური საგადასახადო შეღავათები გაუქმდა), Ioniq 5-ის გაყიდვები მაინც 14%-ით გაიზარდა. სურათი სრულად საპირისპიროა Ioniq 6-ის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მოდელის ადგილობრივი ბაზრიდან ამოღება ოფიციალურად დადასტურდა, მისი გაყიდვები 82%-ით დაეცა. 
მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური მაჩვენებლები დადებითია, მარტის თვე ბრენდისთვის მაინც მძიმე გამოდგა — გაყიდვები ჯამში 3%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა პოპულარულ მოდელზე — Palisade-ზე, Santa Cruz-ზე, Kona-სა და Elantra-ზე.
საერთო ვარდნის ფონზე, მარტში მხოლოდ Sonata და კომპაქტური ქროსოვერი Venue (ზრდა 18%) გამოირჩეოდნენ.