NTSB-მ Ford-ის BlueCruise სისტემა ფატალურ ავარიებში დაადანაშაულა
თანამედროვე ავტონომიური მართვის სისტემების მიღმა ერთი უსიამოვნო სიმართლე იმალება — რაც უფრო სრულყოფილია ტექნოლოგია, მით უფრო მეტად დუნდება მძღოლის ყურადღება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანს უჭირს კონცენტრაციის შენარჩუნება ისეთ პროცესზე, სადაც მისი ჩარევა იშვიათადაა საჭირო. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) დაასკვნა, რომ სწორედ ამ ფაქტორმა და Ford BlueCruise-ის ხარვეზებმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
რა მოხდა?
2026 წლის 31 მარტს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, Ford-ის hands-free სისტემისადმი გადაჭარბებულმა ნდობამ ორი ცალკეული ფატალური შეჯახება გამოიწვია. ორივე შემთხვევაში, 2022 წლის Mustang Mach-e, რომელსაც BlueCruise ჰქონდა ჩართული, მაგისტრალზე გაჩერებულ ავტომობილებს მაღალი სიჩქარით შეეჯახა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ შეჯახების წინ მძღოლებს არც მუხრუჭი გამოუყენებიათ, არც საჭე მოუტრიალებიათ და არც ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (AEB) ჩართულა. შედეგად, ტეხასში Mach-E გაჩერებულ Honda CR-V-ს შეეჯახა, რის შედეგადაც Honda-ს მძღოლი დაიღუპა, ხოლო ფილადელფიაში კიდევ ერთი Mach-E გაჩერებულ Hyundai Elantra-სა და Toyota Prius-ს შეეჯახა, რასაც ორივე მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

NTSB-მ ბრალი არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ უშუალოდ Ford-საც წაუყენა. გამოძიების მიხედვით, BlueCruise-ის მძღოლის მონიტორინგის სისტემა ვერ ახერხებს ადეკვატურად დააფიქსირსოს, რეალურად უყურებს თუ არა მძღოლი გზას: სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, დიდხანს გაიხედოს გვერდით და კამერა ვერ ასხვავებს გზაზე მიპყრობილ მზერას ტელეფონზე ფოკუსირებული მზერისგან.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ Ford მძღოლებს საშუალებას აძლევს, საერთოდ გამორთონ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქციები BlueCruise-ის მუშაობის დროს. მაგალითად, შესაძლებელია ავტომატური დამუხრუჭების (AEB) გათიშვა. NTSB-ს განცხადებით, ეს მკვეთრად ზრდის ავარიის სიმძიმეს.
Ford-ი აცხადებს, რომ ტექნოლოგიის დეფექტი არ დაფიქსირებულა და ერთ-ერთ შემთხვევაში მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა, NTSB-მ კომპანიას მკაცრი რეკომენდაციები მისცა — გააუმჯობესოს მძღოლის ყურადღების დეტექცია, შეზღუდოს სიჩქარის გადაჭარბების შესაძლებლობა ავტონომიურ რეჟიმში და აკრძალოს უსაფრთხოების სისტემების (AEB) გათიშვა.