Mercedes-AMG GT 63 S E Performance-ს დებიუტი 831 ცხენის ძალით შედგა
ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AMG-ა.
თითქოს Mercedes-AMG GT 4-Door-ის ხაზი საკმარისად ძლიერი არ იყოო, მას ახალი ავტომობილი ემატება - Mercedes-AMG GT 63 S E Performance. სახელში “E” იმაზე მიუთითებს, რომ ეს Mercedes-AMG-ს პირველი ფლაგ ინ ჰიბრიდია.
რას გვთავაზობს ახალი ფლაგ ინ ჰიბრიდი? ძალას და თანაც ბევრს. 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა და 6.1-კვ/სთ-იანი მოტორი, რომელიც უკანა ღერძზეა მოთავსებული, ჯამში 831 ცხენის ძალას და 1400ნმ-ს გამოიმუშავებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქარხნულად წარმოებული ყველაზე სწრაფი Mercedes-AMG-ა.
ეს ავტომობილი აფალტერბახში იმ დიდ ბრიტანელ ინჟინრებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომლებიც ფორმულა 1-ს ძრავაზე მუშაობენ. ბატარეა მხოლოდ 89 კილოგრამს იწონის და 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ინჟინრები ბატარეის ძალაზე ორიენტირდნენ და არა გამძლეობაზე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში 12 კილომეტრს გადის.
GT 63 100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 315კმ/სთ-ია. Comfort, Sport, Sport Plus, Race და Slippery რეჟიმს ელექტრო რეჟიმიც ემატება. ამ რეჟიმში S E Performance-ს მაქსიმალური სიჩქარე 130კმ/სთ-ია. რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა კი 4-საფეხურიანია.
სხვა AMG GT 4-Door მოდელების მსგავსად, GT 63 S E Performance-ს AMG Ride Control სისტემა აქვს, რომელიც ადაპტურ დაკიდების სისტემას გულისხმობს. სისტემა, მართვის რეჟიმის მიხედვით, ავტომატურად რეგულირდება. რეგულაცია ინდივიდუალურადაცაა შესაძლებელი.
ტრადიციულ GT 63-თან შედარებით, ვიზუალურად მხოლოდ მცირედი ცვლილებებია შეტანილი. წინა ბამპერს GT კუპეს დეტალები აქვს. ყველაზე შესამჩნევი კი, რა თქმა უნდა, დასამუხტი პორტია. დისკები კი, არჩევანის მიხედვით, 20- ან 21-ინჩიანია. სალონიც ტრადიციული GT მოდელების მსგავსია.
Mercedes-AMG-ს ახალი მოდელის ფასი ჯერ არ დაუსახელებია. GT 43 4-Door-ის ფასი $89,900-ია. GT 53-ი $99,950 ღირს. GT 63 - $140,600. S E Performance-ს ფასი კი დაახლოებით $200,000 უნდა იყოს.
Mercedes-AMG GT 63 S E Performance-ს დებიუტი მიუნხენის ავტოშოუზე შედგება. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვები რამდენიმე თვეში დაიწყება.