თუ ეთილირებული საწვავი ასეთი ცუდია, მაშინ რატომ გამოიყენება თვითმფრინავებში?
Aa
Aa

თუ ეთილირებული საწვავი ასეთი ცუდია, მაშინ რატომ გამოიყენება თვითმფრინავებში?

ეთილირებული საწვავი ალჟირში ახლახან აკრძალეს. ეს იყო ბოლო ქვეყანა, რომელშიც ამ საწვავის საგზაო ავტომობილებში გამოყენება ჯერ კიდევ დაშვებული იყო.

მართალია, ეთილირებული საწვავი უკვე მსოფლიოს მასშტაბით აკრძალულია, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში მაინც გამოიყენება. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციაში მას ჯერ კიდევ მოიხმარენ.

ასევე გამოიყენება საზღვაო ხომალდებსა და ფერმის ტექნიკაში. Environmental Protection Agency-ის თანახმად, არასაგზაო ტექნიკაში ეთილირებული საწვავის გამოყენება დასაშვებია. „სუფთა ჰაერის აქტმა“ საგზაო ავტომობილებში ამ საწვავის გამოყენება 1996 წელს აკრძალა. თუმცა, ყველაზე აქტიურად ამ საწვავს ყოველთვის თვითმფრინავები მოიხმარდნენ.

ტეტრაეთილტყვია რამდენადაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იმდენად სასარგებლოა ძრავებისთვის. ამ ნივთიერებამ ავტომწარმოებლებს შეკუმშვის უფრო მაღალხარისხიანი ძრავების წარმოების შესაძლებლობა მისცა. შემცირდა საწვავის არაეფექტური წვა. ძრავიდან კი მეტი ძალის ამოღება შეძლეს.  

ყველაზე ცნობილი საწვავი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში ავიაციაში (Avgas) იყენებენ არის 100LL. ლიტრ საწვავზე ეთილირებული შემადგენლობა 0.56 გრამია. EPA-ს თანახმად, 1973 წელს საგზაო ავტომობილში გამოყენებული საწვავის იგივე მაჩვენებელი 3 გრამი იყო. 1986 წელს ეს მაჩვენებელი 0.03 გრამამდე შემცირდა. 1996 წელს კი ეთილირებული საწვავი აკრძალეს.

იმ საწვავის მსგავსად, რომელსაც საგზაო ავტომობილებში ვიყენებთ, Avgas-იც ოქტანობით ითვლება. ჰაერისა და საწვავის ნარევის ძრავაში მოხვედრისას საწვავის ოქტანობა შიგა წვის კამერაში აფეთქების სრულყოფას განაპირობებს, რაც საწვავის ეკონომიასა და ავტომობილის შესაძლებლობებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ტეტრაეთილტყვიის დამატება კი ამ პროცესს აძლიერებს. Shell-ის თანახმად, Avgas-ი Mogas-ის ოქტანობას 15-ით აღემატება. შედეგად, ძრავა უფრო სტაბილურია და მოულოდნელი გაფუჭებისკენ ნაკლებადაა მიდრეკილი.

ყველა თვითმფრინავი ეთილირებულ საწვავს არ იყენებს. რეაქტიული და ტურბხრახნიან ძრავიანი საჰაერო ხომალდები ნავთის მსგავს საწვავს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნავთობის გადამუშავების შედეგია, რეაქტიული ხომალდების საწვავის წარმოება უფრო ადვილი და იაფია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 170 000 საჰაერო ხომალდისთვის, რომლებსაც დგუშებზე დაფუძნებული ძრავები აქვს და დიდი სიმაღლეების დაპყრობა სჭირდებათ, მაღალი ოქტანობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. Shell-ის თანახმად, თუ ეთილირებული საწვავის გამოყენება თვითმფრინავებში აიკრძალება, მაშინ ძრავები იმდენად დეგრადირდება, რომ ხომალდებში გამოუსადეგარი გახდება.

ეთილირებული საწვავის კიდევ ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ ის სარქვლის ბუდეს ჟანგვისგან იცავს. ჩვეულებრივი საწვავი იმავე დაცვას არ განაპირობებს. გამოსავალი ტეტრაეთილტყვის დამატება ან განმტკიცებული სარქვლის ბუდეებია. ეს უკანასკნელი კი ოქტანობის პრობლემას არ ჭრის.   

ასი წლის შემდეგ, რაც General Motors-მა ეთილირებული საწვავი გამოიყენა, რატომ გამოიყენება ის ჯერ კიდევ თვითმფრინავებში? პასუხი მარტივია: უკეთესი ალტერნატივა ჯერ არ არსებობს.

Federal Aviation Administration-ი საწვავის მომპოვებელ კომპანიებთან ერთად ალტერნატივის პოვნას ცდილობს. ამ პროგრამას Piston Aviation Fuel Initiative უწოდეს. პროგრამა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ FAA-ს თქმით, ახლა სხვა მიმართულებით მუშაობენ და ელექტრიფიკაციას განიხილავენ.  

ავტოინდუსტრია ნულოვანი გამონაბოლქვისკენ მიისწაფვის და რეგულაციები უკვე საკმარისზე მეტად მკაცრია. ავიაკომპანიების ინდუსტრიას კი მანამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები