2022 წლის BMW 2 Series Active Tourer-ს დიდი ცხაურა და ახალი დიზაინის ინტერიერი ექნება
Aa
Aa

2022 წლის BMW 2 Series Active Tourer-ს დიდი ცხაურა და ახალი დიზაინის ინტერიერი ექნება

წინაწამყვანი მინივენი ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატებით იქნება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმეტესობა „ქროსოვერებმა“ და SUV-ებმა დაიპყრო Mercedes-მა მეორე თაობის B-Class-ი მაინც გამოუშვა. მინივენის გამოშვებისგან თავი BMW-მაც არ შეიკავა. შედეგად კი თქვენ ახალ 2 Series Active Tourer-ს ხედავთ, რომელიც მნიშვნელოვანი დიზაინერული ცვლილებებით წარსდგა.

კომპაქტური და მდიდრული ვენი ახლა უზარმაზარი ცხაურით არის აღჭურვილი. ახალი, ადაპტირებადი LED-ი მაშუქები კი მომხიბვლელად იმზირება. პროფილში კარის ახალი სტილის სახელურები და დაბლა დაწეული გვერდითა სარკეების შემჩნევაც შეიძლება. მსურველები დისკების არჩევას 16-დან 19-იანამდე შეძლებენ. მოდელის უკანა ნაწილი კი სადა, დახვეწილი და თანამედროვეა.

წინა მოდელთან შედარებით, მემკვიდრე 32მმ-ით გრძელი და 24მმ-ით განიერია. ღერძებს შორის მანძილი იგივე დარჩა. ახალ ცხაურაზე არსებული ადაპტირებადი ღიობები კი წინაღობის კოეფიციენტს 0.26-მდე ამცირებს.

ინტერიერში სრულიად ახალი დიზაინი და BMW-ს iDrive 8 ოპერატიული სისტემა გვხვდება, რომელსაც მძღოლის წინ დამონტაჟებული 10.25-ინჩიანი და შუაში განთავსებული 10.7 მონიტორები აჩვენებს.

ძრავის კუთხით მოდელის გამოშვება 218i-თ დაიწყება, რომელიც 1.5-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. აგრეგატის სიმძლავრე 136 ცხენის ძალასა და 230 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ეს რაოდენობა კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მანქანა 0-დან 100-მდე 9 წამში აჩქარდეს. მოგვიანებით 3-ცილინდრიან 220i-ს ვიხილავთ, რომელსაც 170 ცხენის ძალა და 280 ნიუტონ მეტრი ექნება. ყველაზე მძლავრი მოდელი კი 223i-ს სახელით გამოვა. მას 4 ცილინდრი ექნება, 218 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და გზაზე 360ნმ-ს დაიტანს. ასეთი მოწყობით 2 Series Active Tourer-ი 0-დან 100-მდე 7 წამში აჩქარდება და 241 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება.

გარდა ამისა, BMW დიზელის ძრავების წარმოებას არ წყვეტს და როგორც ვიგებთ, 3-ცილინდრიანი 2-ლიტრიანი დიზელის ძრავა Active Tourer-შიც მოხვდება. სიძმლავრე 150 ცხენის ძალითა და 360ნმ-ით იქნება გასაზღვრული.

ყველაზე ბოლოს კი მომხმარებელი მოდელის ჰიბრიდული ვერსიის შეძენას 230e-ს სახელით შეძლებს, რომელიც xDrive-თა და სპორტული სტილით იქნება წარმოდგენილი. ახალი 2 Series Active Tourer-ი ევროპაში 2022 წლის თებერვალში გამოჩნდება. 

მსგავსი სიახლეები