Renault-ი სამაშველო მანქანები სახურავიდან დრონს უშვებს
სამაშველო დახმარების მანქანები, როგორც წესი დიდად საინტერესო არაა, მითუმეტეს კი ავტომოყვარულთათვის. თუმცა ახალი კონფეცია, რომელიც Renault-მა წარადგინა, ამ გაბატონებულ მოსაზრებას ეჭვქვეშ დააყენებს. თქვენ წინაშე Vision 4Rescue-ია, Renault 4 E-tech-ზე დაფუძნებული კონცეფცია, რომელიც დრონით და სახურავზე ამ დრონის გამშვებითაა აღჭურვილი.
Vision 4Rescue წითელი ექსტერიერით და პრიალა გრაფიკით იპყრობს ყურადღებას. ამას ემატება გამაფრთხილებელი სანათები და მოდიფიცირებული ბამპერები, ასევე კლირენსი, რომელიც გზის ზედაპირიდან 15 მმ-ის სიმაღლეზეა. ბამპერებს კი, 3D პრინტერით შექმნილი საყრდენები აქვს, რომლებიც დარტყმისა და დაზიანების სიმძიმეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ყველაზე მიმზიდველი დეტალი კი, სახურავზე დამონტაჟებული სათავსო ყუთია, რომელიც საყრდენებზეა დამაგრებული. დრონთან ერთად აეროდინამიკურ განყოფილებაში დამატებითი აღჭურვილობაც გვხვდება, რომლის გამოყენებაც „კატასტროფის შემდეგ საკომუნიკაციო ქსელის აღსადგენადაა“ შესაძლებელი.
Renault-ის ინფორმაციით, ამ მოდელის ინტერიერი სახანძრო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. სამაშველო მანქანა ერთმანეთისგან გამოყოფილი ზონებითაა წარმოდგენილი. ზედა სექციას გასაშლელი სამუშაო სივრცე აქვს - ორი მონიტორით და კლავიატურით. ის ემსახურება როგორც საკომუნიკაციო ცენტრს, ასევე დრონის მონიტორინგის სადგურს. ხოლო ქვედა სექციაში ორი სათავსო განყოფილებაა, საგანგებო აღჭურვილობის შესანახად. ეს მოიცავს ჩაფხუტებს, ჩანთებს, პლანშეტებს და რაციებს.
ავტომწარმოებლის ინფორმაციით, კონცეფციას ორძრავიანი, სრულად ამძრავი სისტემა აქვს. ასევე Software République-ის მიერ შემუშავებული ეკოსისტემითაა აღჭურვილი, რომელიც საგანგებო სამსახურების მიერ გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიების სტანდარტიზაციისთვის და უფრო სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებისთვისაა შექმნილი.