Nissan კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
იაპონური ავტომწარმოებელი, სხვადასხვა მიზეზის გამო, კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
Nissan-ის რთული მდგომარეობის კორონავირუსისთვის დაბრალება არასწორი იქნება. კომპანია უკვე დიდი ხანია რთულ მდგომარეობაშია. ამას ვერც ყოფილი ხელმძღვანელის კარლოს გონის წასვლას დავაბრალებთ. მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ კომპანია ცდილობს, ახალ რეალობას მოერგოს.
რეკონსტრუქციის პირობებში, კომპანია აპირებს გაყიდვები მინიმუმ ერთი მილიონი ავტომობილით შეამციროს. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 6 მილიონი ავტომობილის ნაცვლად, ისინი 5 მილიონს გაყიდიან. გონს 8 მილიონის გაყიდვა უნდოდა.
რეკონსტრუქციის გეგმა 2023 წლის მარტამდე გაგრძელდება. მილიონით ნაკლები ავტომობილის გაყიდვა კომპანიას უფრო მცირე ზომის ავტომწარმოებლად აქცევს. შესაძლოა 3-4 ქარხანა დაიხუროს, რაც ადამიანურ რესურს 10 პროცენტით შეამცირებს. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.
კორონავირუსის გამო, შესაძლოა 5 მილიონი ავტომობილის წარმოებაც ვერ მოხერხდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად 7-8 მილიონიანი გეგმისა, კომპანია 5 მილიონზე მეტ ავტომობილს მაინც ვერ ყიდდა. ეს მაღალი მიზნები, კი უბრალოდ კომპანიის სურვილად რჩებოდა.
რამდენად რთულია მდგომარეობა? 2019 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე კომპანიამ $238 მილიონი დაკარგა. კრიზისიდან თავის დასაღწევად, კომპანია $4.6-მილიარდ სესხს ეძებს. თუ Nissan-ი ამ კრიზის გადაურჩა, მალე ახალი თაობის Qashqai / Rogue-ს უნდა ველოდოთ.