Schlöwagen-ი: სუპერ აეროდინამიკური და ძალზედ არაპრაქტიკული ავტომობილი
Aa
Aa

Schlöwagen-ი: სუპერ აეროდინამიკური და ძალზედ არაპრაქტიკული ავტომობილი

1930-იანი წლები საავტომობილო დიზაინში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდად ითვლება. ავტომობილების აეროდინამიკური კონცეფცია, ფორმების დახვეწა და ინტეგრალური ინჟინერია სწორედ ამ ეპოქაში მოვიდა საჯარო მოთხოვნებთან თანხვედრაში. მთელი ამ პროცესების კერა კი გერმანია გახლდათ, სადაც მსოფლიოში პირველი ავტობანები იხსნებოდა.

სურათზე თქვენ 1939 წელს შექმნილ Schlöwagen-ს ხედავთ, რომელიც აეროდინამიკურად გამართული, უკანაძრავიანი მანქანა იყო. ის კარლ შლორის ნამუშევარი გახლავთ. ავტომობილის პრეზენტაცია 1939 წლის ბერლინის ავტოჩვენებაზეც შედგა. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ასეთი პროტოტიპი შეიქმნა.

Schlöwagen-ი Mercedes 170H-ის მოდიფიცირებულ შასიზე იყო დაფუძნებული. თვითმფრინავის ფრთებით შთაგონებულმა კარლ შლორმა ავტომობილის ინტერიერის დიზაინი დახაზა, შუშები ჰაერის უკეთესი მიმოქცევისთვის მოამრგვალა და წინა ბორბლები მანქანის კორპუსით დაფარა. ფაქტობრივად Schlöwagen-ი იყო ფრთა ბორბლებზე.

საინტერესო გახლდათ ავტომობილის გაბარიტებიც. ბორბლებს შორის მანძილი 2.6 მეტრს შეადგენდა, სიგრძე 4.33 მეტრით, ხოლო სიმაღლე 1.48-ით იყო განსაზღვრული. 2.1-მეტრიანი სიგანე ბორბლების კორპუსში დასამალად გახდა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ სრული კონსტრუქცია ალუმინისგან იყო დამზადებული, მანქანა Mercedes 170H-ზე 250კგ-ით მძიმე გამოვიდა. ძრავის ცენტრიდან მნიშვნელოვნად დაშორებამ მართვის უსაფრთხოებაზეც იმოქმედა. მიზეზი წონის გადანაწილებისა და ჰაერის ნაკადების შეუსაბამო მოძრაობა გახლდათ.

თუმცა, სატესტო გარბენისას Schlöwagen-მა 135კმ/სთ-ი განავითარა, რაც Mercedes 170H-თან შედარებით 20კმ/სთ-ით სწრაფი იყო. გარდა ამისა, მანქანამ 100კმ-ზე 8 ლიტრი საწვავი მოითხოვა, რაც 20-დან 40%-მდე გაუმჯობესებას იძლეოდა. კარლ შლორის მიხედვით, მანქანას 146კმ/სთ-ის მიღწევაც შეეძლო.

სამწუხაროდ, Schlöwagen-ი საზოგადოების მიერ არამიმზიდველ ავტომობილად იქნა აღქმული. ამას მეორე მსოფლიო ომის დაწყებაც თან დაერთო. შედეგად, პროექტი თაროზე შემოდეს.

რა ბედი ეწია პროტოტიპს?

1942 წელს ამ ავტომობილის ძრავის განყოფილებაში ხელში ჩაგდებული საბჭოთა თვითმფრინავის ძრავა მოათავსეს და სატესტო ტრეკზე ცდიდნენ. სამწუხაროდ, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ყველაფერს ვერ გეტყვით. ამის შემდეგ Schlöwagen-ი 1948 წლამდე German Aerospace Center-ის ტერიტორიაზე ინახებოდა. ომის შემდეგ მას ბორბლები, ინტერიერი და მცირედი ნაწილები მოხსნეს.

საბოლოოდ ის ბრიტანულ სამხედრო ადმინისტრაციას ჩაუვარდა ხელში. მას შემდეგ კი Schlöwagen-ზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფაქტია, რომ კარ შლორის ხედვები თავის ეპოქას უსწრებდა. ფაქტობრივად მისი დიზაინით შექმნილი კორპუსი რევოლუციურიც იყო. იმ პერიოდში Mercedes 170H-ი დიდებულ ავტომობილად ითვლებოდა. Schlöwagen-ის მონაცემები კი, 170H-თან შედარებით, სხვა საფეხურზე იყო.

მსგავსი სიახლეები