ამ Honda CR-V-ს Godzilla-ს ცხვირი და 500 ცხენის ძალა აქვს
Honda CR-V-ი სახელგანთქმული ავტომობილი სპორტულობით არასდროს გამხდარა. თუმცა, იაპონიაში ეს არაფერს ნიშნავს. ერთი უბრალო, საოჯახო და პრაქტიკული SUV-ისგან ვიღაცამ მხეცური ქმნილების შექმნა გადაწყვიტა. ავტომობილს R34 GT-R-ის ცხვირი აქვს, რომლის უკანაც 500-ცხენისძალიანი აგრეგატი იმალება.
ამ მანქანის შესახებ ინფორმაცია „იუთუბერმა“, ადამ ზილინმა გაავრცელა, რომელიც იაპონიაში Fuji Speedway-ზე ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრო. ეს ავტომობილი უკნიდან ჩვეულებრივი CR-V-ი იყო. ზილინის ყურადღება კი ავტომობილის წინა ნაწილმა მიიპყრო.
„იუთუბერი“ ავტომობილთან მივიდა და მფლობელს გამოელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ამ CR-V-ის მხოლოდ ვიზუალი არ გამოარჩევს. კაპოტის ქვეშ B18C ძრავაა, რომელიც Garrett-ის ტურბინითა და შეკვეთით დამზადებული შემშვები სისტემით არის გაძლიერებული.
შედეგად, ძალოვანი აგრეგატს წუთში 8 500 ბრუნის შესრულება შეუძლია. სპიდომეტრზე მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ით არის დაფიქსირებული. 500-ვე ცხენი CR-V-ს ქარხნული ტრანსმისიით ოთხივე ბორბალთან ნაწილდება. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენც გაკვირვებული დავრჩით იმ ფაქტით, რომ ქარხნული კოლოფი 500 ცხენის ძალას უძლებს.
მფლობელმა გააძლიერა მუხრუჭებიც. ავტომობილის ოთხივე წერტილში Endless-ის 6-დგუშიანი სუპორტებია განთავსებული.
CR-V-ის კორპუსის „გამარიაჟებაზე“ Top Secret-მა იმუშავა. შედეგად, მოდელის დიზაინში სხვა ავტომობილიდან აღებული დეტალები საერთოდ არ ყვირის და ორგანულად გამოიყურება. მოდიფიცირებულია სალონიც. ინტერიერში Bride Low Max სავარძლებს, სპეციალურად დამზადებულ ცენტრალურ კონსოლსა და მულტიმედიის სენსორულ ეკრანს შეხვდებით. ექსტერიერის ფერშია შეღებილი კარების შიდა პანელებიც. მეტი სპორტულობისთვის გამოყენებულია ალკანტარაც.
რას იტყვით ამ ქმნილებაზე? არის თუ არა ეს საუკეთესო CR-V, რომელიც ოდესმე გინახავთ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.