Hyundai საკუთარ თვითმართვად სისტემას უშვებს | ნაწილობრივ მაინც
სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი Hyundai 2028 წელს საკუთარი Level 2+ სისტემის, ხოლო 2029 წელს Atria-ს პლატფორმაზე დაფუძნებული უფრო მოწინავე სისტემის წარმოებაში გაშვებას გეგმავს.
Hyundai ათწლეულის ბოლომდე საკუთარ, მძღოლების დამხმარე სისტემის უახლეს თაობას გამოუშვებს. თუმცა, ტექნოლოგია მხოლოდ კომპანიის შიდა წარმოების არ იქნება — მის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia შეასრულებს. მომავალში კი სისტემას შესაძლოა LiDAR-ის სენსორიც დაემატოს.

Hyundai-ის აღმასრულებელი დირექტორის, პარკ მინ-ვინის განცხადებით, ავტომწარმოებლის ახალი თვითმართვადი სისტემა Nvidia-სთან პარტნიორობით შემუშავებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. Nvidia-ს ტექნოლოგიებიდან მიღებული მონაცემები კი Hyundai-ის Atria პროგრამული პლატფორმის გაწვრთნასა და გაუმჯობესებას მოხმარდება.
Hyundai Nvidia-სთან თანამშრომლობას მას შემდეგ აძლიერებს, რაც ავტომწარმოებლის გუნდს პარკ მინ-ვინი შეუერთდა. ეს უკანასკნელი მანამდე ჩიპების მწარმოებელ კომპანიაში მუშაობდა.

ახალი თაობის სისტემა Nvidia-ს Hyperion 10 პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული და კამერებს, ულტრაბგერით სენსორებსა და რადარს გამოიყენებს. როგორც გითხარით, მომავალში სისტემას შესაძლოა შედარებით მაღალი დონის, Level 3-ის ავტონომიური მართვის ფუნქციები დაემატოს. მათ შორის, ეს მძღოლს გარკვეულ პირობებში, ავტომობილის საჭეზე ხელის მოკიდების გარეშე მართვის შესაძლებლობასაც მისცემს.
Hyundai-ის გეგმით, ახალი Level 2+ სისტემით აღჭურვილი სერიული ავტომობილების წარმოება 2028 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, ხოლო Level 2++ სისტემის მქონე მოდელების — იმავე წლის მეორე ნახევარში. უკვე ამის შემდგომ, 2029 წლის მეორე ნახევარში, Hyundai-ის Atria-ს სრულად ინტეგრირებული ავტონომიური მართვის სისტემა შევა წარმოებაში.

საინტერესოა, რომ მონაცემების შეგროვების პრინციპით Hyundai ამერიკული Tesla-ს გზას მიჰყვება. ამ შემთხვევაში, საჭირო მონაცემები საკუთარი გლობალური ავტოპარკიდან იქნება მიღებული, მათ შორის არა მხოლოდ Hyundai-ის, არამედ Kia-სა და Genesis-ის ავტომობილებიდანაც.
კომპანიის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ახალი სისტემის განვითარება თავდაპირველ გრაფიკს ჩამორჩება, 2033 წლისთვის დაგროვილი სამგზავრო მონაცემების მოცულობით, ის ბევრ კონკურენტს გადაასწრებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი კომპანიის მასშტაბია — Hyundai, Kia-სა და Genesis-ის ჩათვლით, ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ახალ ავტომობილს აწარმოებს.