რბოლა, მაქს ფერსტაპენი, კარტინგი, სილვერსტოუნი
Aa
Aa

Max vs 100 | ფერსტაპენმა 100 მოყვარული გაანადგურა...

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა Red Bull-ის მიერ ორგანიზებულ უპრეცედენტო შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ის სილვერსტოუნის ტრასაზე ბოლო, 101-ე პოზიციიდან დაიძრა და 100 კონკურენტის გადასწრება სულ რაღაც 14 წრეში შეძლო. ღონისძიება, სახელწოდებით Max vs 100, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კარტინგის რბოლაა. 


ფერსტაპენის წინ განლაგებული პელეტონი Red Bull-ის ათლეტებით, კონტენტ-კრეატორებით, სტრიმერებით, ჟურნალისტებითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფანებით იყო სავსე. მონაწილეთა უმეტესობას სილვერსტოუნის დროებით კონფიგურაციაზე რბოლამდე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა გავლილი, რამაც ტრასაზე ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. რბოლის სტარტიდან რამდენიმე წუთში, სანამ ფერსტაპენი პირველ სრულ წრეს დაასრულებდა, შეჯახებების გამო ბრძოლას 63 მძღოლი გამოეთიშა.

რბოლის წესების თანახმად, გადასწრება საბოლოოდ ითვლებოდა იმ მომენტში, როდესაც ფერსტაპენის უკანა თვალი კონკურენტის წინა თვალს გაუსწორდებოდა. პირველივე წრეზე მაქსმა სტარტი-ფინიშის ხაზამდე 10-ზე მეტი მეტოქე ჩამოიშორა, ხოლო მოსახვევში მომხდარი მასობრივი შეჯახების შემდეგ რადიოში აღნიშნა, რომ ტრასაზე სრული ქაოსი სუფევდა, თუმცა თავად უკვე 37-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

რბოლის შუაწელში ლიდერთა სამეულმა, რომელსაც პოლ-პოზიციის მფლობელი ჯაკი მარტენსი ლიდერობდა, 12-წამიანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა ფერსტაპენი თითო წრეზე ამ სხვაობას სამი წამით ამცირებდა. მე-13 წრეზე ის ლიდერთა ჯგუფს დაეწია, ერთ მოსახვევში ორი მეტოქე ერთდროულად ჩამოიშორა, ხოლო მე-14 წრეზე მარტენსსაც გადაუსწრო და გამარჯვება რბოლის დასრულებამდე 35 წუთით ადრე გაინაღდა.

ჩემპიონის საუკეთესო წრემ 2 წუთი და 20.673 წამი შეადგინა, რაც ორი წამით სწრაფი იყო უახლოესი კონკურენტის შედეგზე. Red Bull-ის წინასწარი სიმულაციით, ჩემპიონს 100 მძღოლის გადასასწრებად დაახლოებით 40 წუთი უნდა დასჭირვებოდა, თუმცა ნიდერლანდელმა პილოტმა მონაცემთა პროგნოზები კიდევ ერთხელ გადაფარა და დაამტკიცა, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა მსოფლიოს საუკეთესოსა და მოყვარულებს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები