მენსორი, დუბაის პოლიცია, პოლიციის მანქანა, ფერარი 812 სუპერფასტი
Aa
Aa

დუბაის პოლიციამ Mansory-ს 800-ცხ.ძ-იანი Ferrari 812 Superfast-ი წარადგინა

დუბაის პოლიციის შთამბეჭდავ ავტოპარკს კიდევ ერთი სუპერ ექსკლუზიური მოდელი შეემატა. პოლიციის ახალი სუპერქარი Ferrari 812 Superfast-ი გახლავთ, თანაც Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული. მოდელი Arabian Travel Market 2026-ზე წარადგინეს და ის, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, გერმანული ტუნერისა და დუბაის პოლიციის უკვე მეხუთე ერთობლივი პროექტია.

მოდელი 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი და წინა რამდენიმე მოდელის მსგავსად, თეთრ, მწვანე, შავ და ყვითელ ფერებშია გადაღებილი. დუბაის პოლიციის განცხადებით, Ferrari-ს ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში, მათ შორის ბურჯ ხალიფასთან და სხვა ლოკაციებზე, პატრულირებისთვის გამოიყენებენ.

Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Ferrari-ს წარდგენა დუბაის სავაჭრო ცენტრში შედგა. როგორც გითხარით, 812 Superfast გერმანული ტუნერის მიერ დუბაის პოლიციისთვის შექმნილი მეხუთე ეგზოტიკური ავტომობილია. ძველ მოდელებს შორის იყო Mansory-ს Mercedes-AMG G 63, Rolls-Royce Cullinan-ი, Ferrari 296 GT და Lamborghini Revuelto.

ქარხნულად, Ferrari-ს სუპერქარი თავისი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით 789 ცხენის ძალასა და 718 ნმ-მდე მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. შედეგად, იტალიური მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 340 კმ/სთ-ზე აღწევს.

თუმცა, Mansory-ს მოდიფიცირებულ ვერსიაში სიმძლავრე 800 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. გაზრდილი შესაძლებლობებით კი, მოდელი 100 კმ/სთ-მდე 2.8 წამში ჩქარდება და 344 კმ/სთ-ს გამოიმუშავებს. შედეგად, გამოდის, რომ სტანდარტულ 812 Superfast-თან შედარებით, Mansory-ს ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებაში 0.1 წამით სწრაფია, მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 5 კმ/სთ-ით მეტია.

დუბაის ქუჩებისთვის Mansory-მ ექსტრემალური დიზაინიც შეიმუშავა. შეცვალა. 812 Superfast-ს ახალი წინა ბამპერი, განახლებული სპლიტერი და დიდი უკანა სპოილერი აქვს.

ავტომობილის თეთრ ძარას მწვანე, შავი და ყვითელი დეტალები ემატება. ფერთა ეს კომბინაცია, პირველ რიგში, ავტომობილის მარტივად გარჩევადობისთვისაა შემუშავებული და არა რაიმე კონკრეტული ტაქტიკური მიზნისთვის. ამ ცვლილებებით 812 Superfast-ის დიზაინი, ქარხნულ, შედარებით დახვეწილ ფორმებთან შედარებით, გაცილებით აგრესიული და თვალშისაცემი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები