9 მილიონი ავტომობილი 40 წელში | როგორია BMW-ის საიუბილეო მოდელი?
BMW-ის რეგენსბურგის ქარხანამ საიუბილეო 9-მილიონე ავტომობილი გამოუშვა. მოდელი შვედი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადდა და სიმბოლურია, რომ მისი გამოშვება ქარხნის მუშაობის 40 წლის იუბილეს დაემთხვა. თქვენ წინაშე BMW-ის ელექტროკროსოვერი iX1-ია, რომელიც Velvet Orchid II Metallic-ის სახელით ცნობილ გამორჩეულ იისფერ ფერშია შეღებილი.

9 მილიონი ავტომობილი 40 წელში
რეგენსბურგის ქარხანაში ავტომობილების წარმოება 1986 წელს დაიწყო, პირველი მოდელი კი, რომელიც ამ ობიექტიდან გამოვიდა, E30-ს კუზაოს მქონე BMW-ის მესამე სერია იყო. თავდაპირველი გეგმით, ქარხნის ყოველდღიური წარმოება 400 ერთეული ავტომობილი უნდა ყოფილიყო და ობიექტზე დაახლოებით 3 500 ადამიანიც უნდა დაესაქმებინათ.
დღეს კი, საწარმო გაცილებით მასშტაბურია. 2025 წელს ქარხანა სამ ცვლაში მუშაობდა და BMW-ის ცნობით, ქარხნიდან ახალი ავტომობილი საშუალოდ ყოველ 57 წამში ერთხელ გამოდიოდა.

იმავე წელს, რეგენსბურგის ქარხანამ დაახლოებით 356 000 ავტომობილი გამოუშვა. ამ შედეგით, ობიექტი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალმწარმოებლურ საწარმოდ რჩება. რეგენსბურგისა და მის ახლომდებარე ობიექტებზე კი, ჯამში, დაახლოებით 9 000 ადამიანი მუშაობს.
ამჟამად, ქარხნის წარმოება ძირითადად BMW X1-სა და X2-ზეა კონცენტრირებული. საინტერესოა, რომ ქარხანაში ერთი და იმავე საწარმოო ხაზიდან შიგაწვის ძრავიანი მოდელები, ასევე plug-in ჰიბრიდები და სრულად ელექტროვერსიები გამოდის. ამ გადაწყვეტამ BMW-ის საშუალება მისცა, გასულ წელს რეგენსბურგში 150 000-ზე მეტი ელექტრიფიცირებული ავტომობილი აეწყო ისე, რომ შიგაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოებაც არ შეემცირებინა.

BMW-ის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის ქარხანას უკვე 8.7 მილიონზე მეტი ავტომობილი ჰქონდა გამოშვებული. 9-მილიონიან ნიშნულს კი 2026 წლის სექტემბერში — საწარმოს მუშაობის მე-40 წელს — მიაღწია.
როგორია არასტანდარტული iX1?
სპეციალური შეკვეთით დამზადებული ელექტროკროსოვერი iX1 Velvet Orchid II Metallic-ის ფერშია შესრულებული. ეს შეფერილობა ავტომობილმა BMW Individual-ის პროგრამის ფარგლებში მიიღო.
უფრო კონკრეტულად კი, BMW Individual-ი გერმანული კომპანიის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტომობილისთვის ფერები სტანდარტული პალიტრის მიღმაც შეარჩიონ. სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლა შვედმა კლიენტმა და iX1-საც ეს ფერი შეარჩია.

თუმცა, როგორც კომპანია აღნიშნავს, ქარხნის 9-მილიონიანი ნიშნული, პირველ რიგში, რეგენსბურგის საწარმოო სისტემის მოქნილობის სიმბოლოა. ქარხანს სრულად ელექტრომობილებისთვის ცალკე საწარმოო ხაზი არ სჭირდება და შეუძლია, მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე X1 და X2 ერთიან წარმოებაში გაუშვას.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ეს მიდგომა, პირველ რიგში, BMW-ისთვის ელექტრიფიკაციის პროცესის ფონზეა მნიშვნელოვანი. ამას კი ტექნიკური მოქნილობა ემატება, რომელმაც BMW-ის ქარხანას საშუალება მისცა, ოთხი ათწლეულის განმავლობაში 9 მილიონი ავტომობილი ერთ საწარმოო ცენტრში აეწყო.