ჰიბრიდი, ევროკავშირი, ჩინეთი, ავტოექსპორტი
Aa
Aa

ევროპის კავშირი ჩინეთს სთხოვს, ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი საკუთარი ნებით შეზღუდოს

ევროპის კავშირი ჩინეთს სთავაზობს, ევროპულ ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი ნებაყოფლობით შეზღუდოს, რათა მხარეებმა სავაჭრო ომი თავიდან აიცილონ და სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსება შეძლონ. ინიციატივა ბრიუსელსა და პეკინს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე გაჩნდა, მაშინ, როდესაც ქვეყნები ოქტომბერში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპის კავშირის წარმომადგენლები ჩინეთისგან ითხოვენ — ჩინეთში წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების წილი მათ ბაზარზე დაახლოებით 15%-მდე შეამციროს. შედარებისთვის, ამჟამად ეს მაჩვენებელი ერთ მესამედზე მეტია.

ორგანიზაციის მიზანი ჩინეთის მხრიდან ექსპორტის შეზღუდვის ხარჯზე საკუთარი შიდა ინდუსტრიის გაძლიერებაა. გამოცემასთან საუბრისას, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი თავისი ნებით არ შეუზღუდავს ექსპორტს ევროპის ბაზარზე, მაშინ სხვა ზომებს მიმართავენ.

ორგანიზაციის მცდელობების მიუხედავადაც, ევროპის ბაზარზე კი, ჩინური ჰიბრიდების წილი მართლაც შესამჩნევად იზრდება. 2024 წლის ოქტომბერში ევროპის კავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე სუბსიდიების საწინააღმდეგო ტარიფები დააწესა. მაშინ მაქსიმალური განაკვეთი 45%-მდე ავიდა.

თუმცა, საპასუხოდ, ჩინეთმა ევროპის კავშირიდან იმპორტირებულ კონიაკზე, ხორცსა და რძის პროდუქტებზე დააწესა გადასახადები. თუმცა, ჰიბრიდული ავტომობილები ამ ზომების მიღმა დარჩა და მათზე მხოლოდ 10%-იანი სტანდარტული ტარიფი მოქმედებს.

შედეგად, ჩინეთიდან იმპორტირებული ჰიბრიდების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. თუ 2024 წლის ოქტომბერში ევროპაში დაახლოებით 3 800 ასეთი ავტომობილი შევიდა, 2026 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი უკვე 50 000-მდე გაიზარდა. ეს კი ათჯერ მეტზე ზრდაა. ამის ფონზე, ევროპული ავტომწარმოებლები, მათ შორის Volkswagen-ი, ჩინურ ჰიბრიდებზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვენ.

იაპონიის გამოცდილების გამეორება?

საინტერესოა, რომ ევროპის კავშირის ახალი ინიციატივა გარკვეულწილად 1980-იან წლებში ბლოკსა და იაპონიას შორის მიღწეულ შეთანხმებასაც გვაგონებს. მაშინ, 1986 წელს, იაპონია ევროპაში ავტომობილების ექსპორტის ნებაყოფლობით შეზღუდვას დათანხმდა. ეს პრაქტიკა 1999 წლამდე გაგრძელდა, რამაც, როგორც FT წერს, იაპონურ კომპანიებს, მათ შორის Toyota-სა და Nissan-ს, ევროპაში საკუთარი საწარმოების ან ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობის დაწყებისკენ უბიძგა.

მსგავსი შეზღუდვის ხელახლა დაწესების შემთხვევაში კი, არის შანსი, რომ ჩინელებმაც წარმოების ნაწილი ევროპის ტერიტორიაზე გადმოიტანონ. ყოველ შემთხვევაში, ამის კონკრეტული მაგალითები უკვე გვაქვს. არაერთი ევროპული ავტომწარმოებელი წარმოების გაფართოების მიზნით ჩინურ კონკურენტებთან თანამშრომლობს, ჩინური BYD-ის ქარხანა კი, რომელიც უნგრეთში მდებარეობს, ექსპლუატაციაში წესით მომავალი წლიდან შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები