Zagato, Mostro Barchetta
Aa
Aa

Zagato-ს Mostro Barchetta კუპეს დებიუტიდან 7 წლის შემდეგ გამოჩნდა

Zagato-ს Mostro ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დიზაინის მქონე ავტომობილია მსოფლიოში. მოდელი 2015 წელს გამოჩნდა. მას Maserati-ის V8 ძრავა აქვს და ძალზედ ექსკლუზიურია. მწარმოებელმა ჯამში სულ 5 ერთეული ააწყო. ზუსტად 7 წლის შემდეგ კი იტალიური დიზაინის სახლი Villa d’Este-ზე საოცრად წარსდგა. მათ Mostro Barchetta Zagato გამოაგორეს.

Barchetta თითქმის ისე გამოიყურება, როგორც Mostro. ამ ავტომობილის დიზაინი 1957 წლის Maserati 450S Coupe Zagato-ს შთაგონებითაა შექმნილი (ქვემოთ, პირველივე სურათი). Barchetta-ს Mostro-გან ღია სახურავი განასხვავებს.



2015 წლის შემდეგ ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა. სწორედ ამიტომ Zagato-მ ახალი მოდელი Maserati-ის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა. მოდელის შეძენა ატმოსფერული 4.2-ლიტრიანი 414-ცხენისძალიანი V8, ან 3-ლიტრიანი ორტურბინიანი ძრავითაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი MC20-დან გახლავთ გადმოტანილი და 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ორივე აგრეგატი წინ, ძარის შუა ნაწილთან ახლოს არის განთავსებული. ასეთი პოზიციონირება სიმძიმის 50/50-ზე გადანაწილების საშუალებას იძლევა. ჯამში ეს ავტომობილი 1 200კგ-ს იწონის. აღსანიშნია, რომ სიმძლავრეს სარბოლო სტილის 6-სიჩქარიანი მექანიკური თანმიმდევრული ტრანსმისია უკანა ღერძებზე ანაწილებს. ასევე, მოდელში ვერ შეხვდებით ბუქსაობის საწინააღმდეგო ელექტრონულ სისტემას.



ეს ყველაფერი არ არის! Mostro Barchetta კარბონის MonoCell შასიზეა აწყობილი. გარდა ამისა, გამოყენებულია კომპოზიტური სტრუქტურები. წინ და უკან ავტომობილს ორბერკეტიანი საკიდარი აქვს. დისკები 19-დუიმიანი გახლავთ, რომლებიც AP-ის სარბოლო მუხრუჭებს მალავს.

სახურავიანი Mostro-ს მსგავსად, Mostro Barchetta Zagato-ც ხუთ ეგზემპლარად გამოვა. Vila d’Este-ზე წარმოდგენილი ეგზემპლარი უკვე თავის მფლობელთანაა. დანარჩენი ოთხი კი დამზადების პროცესშია და მათ ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით აწყობენ.

ფასის შესახებ იტალიური კომპანია კრინტსაც არ ძრავს. თუმცა, თუ Mostro-ს ექსკლუზიურობას გავითვალისწინებთ, მაშინ მისი 7-ნიშნიანი ღირებულება არ უნდა გაგვიკვირდეს.

მსგავსი სიახლეები