Audi A8-ს ახალი თაობის მოდელი ჩაანაცვლებს | რა ვიცით ფლაგმანურ სედანზე?
Audi A8-ის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. 32-წლიანი ისტორიის შემდეგ მოდელის წარმოება ოქტომბრის შუა რიცხვებში შეწყდა, თუმცა გერმანული ავტომწარმოებელი ფლაგმანური სედანის შემცვლელზე იწყებს მუშაობას. გამოცემა Auto Bild Spain-ის ინფორმაციით, ახალი მოდელი 2030 წლამდე გამოვა და შიგაწვის ძრავას ჰიბრიდულ სისტემასთან გააერთიანებს.
მომავალ ფლაგმანურ მოდელზე Audi-ს წარმომადგენლებს გამოცემა Auto Bild Spain-ი ესაუბრა, რომელთაც A8-ის ჩამნაცვლებლის გამოშვება დაადასტურეს. თუმცა მისი გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ამასთან, ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ სად აწარმოებენ ახალ სედანს და რომელ პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული.

მანამდე გამოცემა Manager Magazin-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Audi ჩინეთის ბაზრისთვის ახალი ძვირადღირებული სედანის შესაქმნელად ასევე ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სწორედ ამ მოდელს უნდა ჩაენაცვლებინა ძველი A8. ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, გამოიყენებს თუ არა Audi Huawei-ს პლატფორმას ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელშიც.
ჩინური პლატფორმის გამოყენებას შესაძლოა გეოგრაფიული შეზღუდვებიც მოჰყვეს. ასეთი ტექნოლოგიური ბაზის შემთხვევაში Audi-ს ახალი სედანის აშშ-ში გაყიდვა გაუჭირდებოდა, ხოლო ამერიკული ბაზრისთვის ცალკე მოდელის გამოშვება კომპანიას, სავარაუდოდ, არ უღირს. გასულ წელს Audi-მ აშშ-ში A8-ის მხოლოდ 1 406 ერთეული გაყიდა. შედარებისთვის, Mercedes-Benz S-Class-ის გაყიდვებმა 7 408 ერთეული, BMW 7 Series-ისამ კი 11 393 ერთეული შეადგინა.

ახალი A8-ის გაყიდვებზე შესაძლოა გავლენა Audi-ს კიდევ ერთმა ფლაგმანურმა მოდელმა, Q9-მაც იქონიოს. მოსალოდნელია, რომ ახალი, დიდი ზომის SUV აღჭურვილობითა და კომფორტით A8-საც კი გაუწევს კონკურენციას. ამასთან, ოჯახებისთვის უფრო პრაქტიკული ალტერნატივაც იქნება. Q9-ს სავარაუდოდ ელექტრულად გახსნადი კარები, 6- ან 7-ადგილიანი სალონის კონფიგურაცია, დიდი პანორამული სახურავი, განათებული წინა ცხაური და Bang & Olufsen-ის 22-დინამიკიანი აუდიოსისტემა ექნება.

ახალი A8-ისა და Q9-ის მთავარი განმასხვავებელი კი, წესით, დიზაინი იქნება. Auto Bild-ის ცნობით, სედანის ვიზუალი Audi Concept C-ის კონცეფციას მიჰყვება, რომელსაც ასევე ეფუძნება კომპანიის სუპერქარის, Nuvolari-ს დიზაინიც.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს