ხანძრის შედეგად განადგურებულ 1955 წლის Chevrolet Delray-ს ახალი სიცოცხლე აჩუქეს
ბენ ჯონსონის კლასიკური Chevrolet 210 Delray 2025 წლის ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. ერთი წლის შემდეგ ავტომობილი ცნობილმა დიზაინერმა ჩიპ ფუსმა, Coulson Autosports-თან თანამშრომლობით, აღადგინა. მოდელს LS3 V8 ძრავა, ახალი ინტერიერი და განახლებული შესაძლებლობები აქვს.
1955 წლის Chevrolet 210 Delray კალიფორნიაში მცხოვრებ ბენ ჯონსონს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 16 წლის ასაკში შეიძინა და ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა. 2025 წლის ხანძარმა მანქანა თითქმის მთლიანად გაანადგურა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის სრულად აღდგენილი დაუბრუნდა მფლობელს.

2026 წლის 19 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე, ჩიპ ფუსმა და კომპანია Coulson Autosports-მა ჯონსონს აღდგენილი ავტომობილის გასაღები გადასცეს. პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ხანძრის შედეგად თითქმის არაფერი იყო დარჩენილი, ამიტომ აღსადგენად დონორი მანქანა, ასევე 1955 წლის Delray, გახდა საჭირო.
ამ პროექტის ისტორია კი 2025 წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე დაიწყო, როდესაც Coulson Aviation-მა ხანძრის შედეგად დაზიანებული ავტომობილების აღსადგენად კონკურსი გამოაცხადა. Wildfire Vehicle Restoration Contest-ზე პირებს, რომლებმაც ხანძრების გამო ავტომობილები დაკარგეს, საკუთარი ისტორიების წარდგენა შეეძლოთ. გამარჯვებულის მანქანას კი კონკურსის ფარგლებში უფასოდ აღადგენდნენ.

საზოგადოების ხმების დათვლის შედეგად კონკურსის გამარჯვებულად ბენ ჯონსონი შეარჩიეს. Coulson Aviation USA-ის პრეზიდენტის, ბრიტონ კოულსონის განცხადებით, ჯონსონის მონათხრობიდან ნათლად ჩანდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო Delray მისი ოჯახისთვის. ამიტომაც კომპანიამ მათთვის ავტომობილის დაბრუნება გადაწყვიტა.
ჯონსონის ავტომობილი ქარხნულად Orbit Orange-ის ფერში იყო შეღებილი. მოდელი ჯონსონის საკუთრებაში სკოლის პერიოდიდან იყო და, შესაბამისად, ბევრ კარგ მოგონებასთანაც ასოცირდებოდა. თუმცა ხანძრის შედეგად ავტომობილის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამიტომაც გახდა საჭირო, კომპანიას მეორე მანქანაც შეეძინა. სამუშაოების პროცესში სპეციალისტებმა ავტომობილი მთლიანად დაშალეს, ძარა ლითონის ზედაპირამდე გაწმინდეს, ჟანგისა და დაზიანებების კვალი მოაშორეს, უკანა ჩარჩო გაამაგრეს...

აღდგენისას გუნდმა შეძლებისდაგვარად ძველი ავტომობილიდან შემორჩენილი ქარხნული ნაწილებიც გამოიყენა. დანარჩენი კი ახალი კომპონენტებით ჩაანაცვლა. სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა და ყველა დეკორატიული ქრომირებული დეტალი ხელახლა დაიქრომა.

შემდგომ ავტომობილში უკვე Chevrolet-ის LS3 V8 მოთავსდა, რომელიც ZF-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფს დაუკავშირდა. ამ კონფიგურაციით მოდელი ყოველდღიური გამოყენებისთვის უფრო პრაქტიკულიც გახდა. პროექტში კომპანიის არაერთი საავტომობილო პარტნიორიც ჩაერთო. მათ შორის იყვნენ Summit Racing-ი, BluePrint Engines-ი, MagnaFlow-ი, Quick Performance, CPP, BFGoodrich-ი, TMI და ა.შ. საბოლოოდ კი ერთიანი ძალისხმევით ავტომობილი სრულად აღადგინეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს