Ford-მა აშშ-ში ჩინური CATL-ის ტექნოლოგიით აკუმულატორების წარმოება დაიწყო
Ford-მა ჩინური ტექნოლოგიის გამოყენებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებისთვის აკუმულატორის უჯრედების წარმოება დაიწყო. მიჩიგანის შტატში მდებარე ახალ ქარხანაში წარმოებული ბატარეები Ford-ის მომავალი თაობის ელექტრომობილებისთვის, მათ შორის ელექტროპიკაპის პროტოტიპებისთვის იქნება განკუთვნილი.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილებს ომს?
თუმცა Ford-ის ეს ერთი შეხედვით სტრატეგიული ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დაძაბულია, ვაშინგტონი კი ამერიკული ბიზნესების ჩინურ კომპანიებთან კავშირს სულ უფრო მკაცრად აკონტროლებს.
ამერიკული ავტომწარმოებლის განცხადებით, დეტროიტიდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარე, $3 მილიარდის ღირებულების ქარხანაში წარმოება გასულ თვეში დაიწყო. საწარმო დაახლოებით 186 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და უკვე უშვებს ბატარეებს, რომლებიც Ford-ის Fathom-ის სახელით ცნობილი მცირე ზომის ელექტროპიკაპის პროტოტიპებში გამოიყენება. კომპანიის CEO ჯიმ ფარლი ამ მოდელს Tesla-სა და სხვა გიგანტების კონკურენტად აფასებს.

ეს ქარხანა Ford-ისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია, რადგან კომპანია აშშ-ში შედარებით იაფი ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) აკუმულატორების წარმოებაზე გადადის. ეს ტექნოლოგია თავდაპირველად აშშ-ში გამოჩნდა, თუმცა მისი მასობრივი კომერციალიზაცია უფრო ჩინეთს უკავშირდება.
Ford-მა აკუმულატორების წარმოებისთვის ლიცენზირების შეთანხმება ჩინურ კომპანია CATL-თან გააფორმა. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელი უკვე კრიტიკით შეხვდა, რადგან თვლიან, რომ ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა ამერიკული ავტომწარმოებლისთვის და მთლიანად ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიისთვის რისკებს ქმნის.

Ford-ის მოწინავე განვითარების პროექტების ვიცე-პრეზიდენტის, ალან კლარკის განმარტებით კი, CATL-ის ტექნოლოგიაზე ლიცენზირების უფლების მიღებით მათ აშშ-ში LFP-ტიპის აკუმულატორების წარმოება სწრაფი ტემპებით დაიწყეს.
„თუ გვსურს, აშშ-ში ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება შევძლოთ, ეს მაქსიმალურად სწრაფადაც უნდა გავაკეთოთ. CATL მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია და სწორედ ამიტომ, LFP-ის მიმართულებით გამოცდილების მისაღებად და შემდგომში უკვე მათი დამოუკიდებელი წარმოებისთვის საუკეთესო პარტნიორიცაა“, — განაცხადა კლარკმა.

მიჩიგანის ქარხანა წუთში 40 აკუმულატორის უჯრედის წარმოებაზეა გათვლილი. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, მისი წლიური წარმადობა 20 გიგავატსაათს მიაღწევს. ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია კი Ford-ის ელექტრომობილებსა და ენერგიის შემნახველ სისტემებში იქნება გამოყენებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს