BMW აშშ-ისგან ტარიფების შემცირებას ითხოვს | არგუმენტი $1.7-მილიარდიანი ინვესტიციაა
გერმანული ავტომწარმოებელი BMW ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან იმპორტზე ტარიფების შემცირების მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბავარიელების მთავარი არგუმენტი ამერიკაში განხორციელებული $1.7-მილიარდიანი ინვესტიციაა, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანამ ელექტრომობილების წარმოება დაიწყო. BMW თვლის, რომ აშშ-ის ექსპორტსა და წარმოების მასშტაბებში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, მათზე მოქმედი საბაჟო გადასახადები უნდა შემცირდეს.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
გერმანული კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის სახით $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. ამასთან, გერმანული მარკა ამერიკაში ასიათასობით ერთეულ ავტომობილსაც აწარმოებს, რომელთა მნიშვნელოვანი წილი სხვა ქვეყნებშიც გადის.
BMW Manufacturing-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ ენგელჰორნის განცხადებით, კომპანია აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტზეა. მისივე განმარტებით, BMW-ის ბიზნესმოდელი ექსპორტზეა დამოკიდებული, ამიტომაც კომპანიისთვის თავისუფალი ვაჭრობა და დაბალი ტარიფებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა. ტარიფების შემცირების ინიციატივას სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერიც მხარს უჭერს და საკითხი ვაშინგტონთანაც უკვე განიხილა.

ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესში არიან და, შესაბამისად, შეთანხმებაც მიღწეული არ არის. ასევე უცნობია, თუ რა მასშტაბის შეღავათებზე შეიძლება დათანხმდეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ან რამდენად ახლოს არიან მხარეები საბოლოო გეგმასთან. შესაბამისად, BMW-ც აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოქმედი გადასახადების სრულად გადახდას აგრძელებს.
თავის მხრივ, ბავარიელებისთვის ეს საკითხი ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს BMW-მ აშშ-ში დაახლოებით 215 000 ერთეული ავტომობილი შეიტანა, უმეტესად მესამე და მეოთხე სერიის მოდელები — ეს მოდელები სამხრეთ კაროლინის ქარხანაში არ იწარმოება. თითოეული იმპორტირებული BMW კი შესაბამისი საბაჟო გადასახადით იბეგრება.

ამავდროულად, სამხრეთ კაროლინაში მდებარე BMW-ის ქარხანა მსოფლიოში ამ კომპანიის ყველაზე დიდი საწარმოა. 2025 წელს იქ 412 799 ერთეული ავტომობილი დამზადდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. წარმოებული მანქანების დაახლოებით ნახევარი კი მსოფლიოს 120-მდე ბაზარზე გაიტანეს.
საერთო ჯამში, BMW-ის $1.7-მილიარდიანი ინვესტიციიდან 700 მილიონი დოლარი მეზობელ ქალაქ ვუდრუფში ბატარეების აწყობის ახალი საწარმოს მშენებლობას მოხმარდა. დარჩენილი 1 მილიარდი დოლარი კი სპარტანბურგის ქარხნის ელექტრომობილების წარმოებისთვის მომზადებასა და საწარმოო ხაზების განახლებას.

ინვესტიციის პირველი შედეგი ელექტრო X5-ის, iX5-ის, წარმოების დაწყებაა. მოდელი იმავე მოქნილ საწარმოო ხაზზე აეწყობა, რომელზეც ბენზინისა და დანამუხტვადი ჰიბრიდული სისტემის მქონე X5-ის ვერსიები იწარმოება. ამჟამად დღიური წარმოება დაახლოებით 70 ავტომობილს შეადგენს, ხოლო მოდელის აშშ-ის ბაზარზე გამოჩენა 2027 წელს იგეგმება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს