Tesla Cybercab-ის შეძენა უკვე შეგიძლიათ | რა ღირს ახალი EV საჭისა და მუხრუჭების გარეშე
ამერიკულმა Tesla-მ თავისი სრულად ავტონომიური ელექტრომობილის, Cybercab-ის, კერძო მომხმარებელზე გაყიდვა დაიწყო. თუმცა არა სტანდარტული სახით. ეს ნიშნავს, რომ Cybercab-ის შეძენის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ელექტრომობილის საფასურს არ დაფარავთ, რათა ის თქვენს საკუთრებაში გადმოვიდეს, როგორც ეს ხდება ხოლმე. ამის ნაცვლად კი Tesla მანქანის საფასურთან ერთად ყოველთვიურ გადასახადსაც დაგიწესებთ.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ორკაციანი უპილოტო ავტომობილის ღირებულება 29 990 აშშ დოლარია. თუმცა, როგორც გითხარით, მისი ფლობა დამატებით ყოველთვიურ ხარჯსაც მოითხოვს. კერძოდ, ავტომობილის გამოსაყენებლად მძღოლებს ავტონომიური მართვის სისტემის გამოწერა მოუწევთ, რომლის საფასურიც თვეში $299-ია. კომპანიის ინფორმაციით, პირველი მომხმარებლები ელექტრომობილს მომავალი თვიდან მიიღებენ.
ცნობისთვის, ამ გადაწყვეტილებამდე Tesla Cybercab-ის გამოყენება მხოლოდ Tesla-ს Robotaxi სერვისის ფარგლებში იყო შესაძლებელი. ისიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ტეხასში. კომპანიას ასევე აქვს ავტონომიური ტაქსების უფრო ფართო ქსელიც, რომელიც მაიამიში, ორლანდოსა და ტამპაშია გაშვებული.

გასული კვირის ბოლოს Tesla-ს ოფიციალურმა Robotaxi-ს ანგარიშმა მომხმარებელთა შერჩეული ჯგუფისთვის Cybercab-ის შესაძენად მიწვევების გაგზავნის შესახებ განაცხადა. აქედან ცნობილი გახდა, რომ მოდელისთვის საწყისი ფასი 29 990 აშშ დოლარია, რაც მას საბაზისო Model 3-ზე იაფსაც კი ხდის. თუმცა ამ ფასში ავტომობილის სრულფასოვანი გამოყენება შესაძლებელი არაა.
შეკვეთის პირობების თანახმად, Cybercab-ის მუშაობისთვის თვეში $299-იანი ავტონომიური მართვის გამოწერა სავალდებულოა. გამოწერის გარეშე ავტომობილი უბრალოდ არც კი დაიძვრება. ამასთან, მისი გამოყენება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი, რომლებსაც Tesla ავტონომიური სერვისისთვის მხარდაჭერილ ზონებად განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ ტერიტორიების ფარგლებს მიღმა თქვენი ელექტრომობილი შესაძლოა სრულად გამოუყენებელი გახდეს.

შედარებისთვის, Cybercab-ის ავტონომიური მართვის გამოწერა Tesla-ს Full Self-Driving-ის (FSD) ყოველთვიურ გამოწერაზე დაახლოებით სამჯერ ძვირია. დამატებით, Tesla არც დაზღვევას გთავაზობთ და ესეც თქვენი გადასახდელია. ის უკვე ცალკე საკითხია, რამდენად აწყობთ კომპანიებს საჭისა და მუხრუჭების არმქონე ავტომობილის დაზღვევა...
ამ სიტუაციის შეფასებით, რთული სათქმელია, საწყის ეტაპზე საერთოდ რატომ უნდა გამოუჩნდნენ Tesla-ს Cybercab-ს კერძო მყიდველები. თუმცა, რადგან კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, შესაძლოა ბაზრისგან მოთხოვნაც დაინახა. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, Cybercab-ი მართლაც წარმატებულ პროექტად იქცევა, თუ უბრალოდ Cybertruck-ის მაგალითს გაიმეორებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს