1995 წლის BMW E36 M3 GT-ს წლების განმავლობაში 300 000$ დაახარჯეს
მიზეზი, რატომაც ეს 1995 წლის BMW E36 M3 GT-ი ახალივით გამოიყურება ისაა, რომ მისი შენახვისთვის ჯამში 312 250$-ია გადახდილი. ახლა კი ავტომობილი eBay-ს აუქციონზე იყიდება.
M3 GT E36 თაობის მესამე სერიებში ყველაზე მძლავრი და ექსკლუზიური ვერსიაა. კომპანიამ ჯამში სულ 356 ეგზემპლარი გამოუშვა. ყველა მათგანი ერთ ფერში - British Racing Green-შია შეღებილი. სურათზე 50 გამოშვებული მარჯვენასაჭიანი მოდელიდან ერთ-ერთს ხედავთ. მის სანაცვლოდ კი 56 599$-ს ითხოვენ.
BMW-მ M3 GT-ი FIA GT-სა და IMSA GT-ს ჰომოლოგაციების მოთხოვნებისთვის შექმნა. სტანდარტული მანქანიდან მას რამდენიმე დეტალი გამოარჩევდა. მაგალითისთვის, 3.0-ლიტრიან ატმოსფერული ძრავას 3.2-ლიტრიანი ვერსიის მოკლე შემშვები კოლექტორი დაუმონტაჟეს. გარდა ამისა, შეიცვალა მანაწილებელი ლილვიც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს ძრავას სრული სერვისი ჩაუტარდა და დინამომეტრზე შემოწმებისას 305 ცხენის ძალა აჩვენა. აგრეგატის სრულ სერვისამდე მფლობელმა მანქანა Quaife-ს თვითბლოკირებადი დიფერენციალით აღჭურვა. იქამდე კი, 2014 წელს, Vanos-ი გამოცვალა. ეს ყველაფერი არ არის. უკეთესი მართვადობისთვის M3-ს AP Racing-ის სამუხრუჭე სისტემა და KW-ს ამორტიზატორებიც აქვს.
განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას 6 მფლობელი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი კი Nurburgring-ის ხშირი სტუმარი იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს M3 GT საბინა შმიტმაც მართა.
ამ M3-ს ზედნადებების მთელი დასტა მოჰყვება. ეს ყველაფერი რომ დააჯამოთ 250 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებთ. გარდა ამისა, მანქანას Total BMW Magazine-ის ტირაჟის ერთ-ერთი ეგზემპლარი მოჰყვება, რომლის ყდაზეც ზუსტად ეს ავტომობილია გამოსახული.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ოდომეტრი 321 000კმ-ს აჩვენებს ის ახალივით გამოიყურება. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ მასზე საგულდაგულოდ ზრუნავდნენ. ეს ავტომობილი თავისი ისტორიითა და მდგომარეობით ნებისმიერ საავტომობილო კოლექციას დაამშვენებდა.